“ცენტრ პოინტი”-ს საქმეზე დაკავებულ გუკა რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძემ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი “AMBEBI.GE”-სთან გააკეთა:
“ნამდვილად არ ვიცოდი მანამდე სად იყო. მოვიდა, თავის შვილს ვიდეომიმართვა გაუგზავნა და დაემშვიდობა.
მთავარი მისთვის მხოლოდ დედამისის დაკავება არ იყო, სალომე ჩარკვიანის მიმართ მიღებულმა სასამართლო გადაწყვეტილებამაც იქონია დიდი გავლენა. ის დარწმუნებული იყო, რომ სამი შვილის დედას, რომელსაც ფინანსებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, გამოუშვებდნენ და თავის საქმეს შემდეგ მოაგვარებდა. ამას როგორ აპირებდა, ამაზე საუბარი ვერ მოვასწარით. სალომე ჩარკვიანის სახით, უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში.
ბოლო წლების მანძილზე ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს. გიგიც, მამაც, გუკაც. გიგის დაკავებაც ძალიან განვიცადე, მაშინ მიღებული სტრესის გამო, მძიმე მდგომარეობით ვიწექი საავადმყოფოში და ახლა იმედია გავუძლებ ამ ყველაფერს” – განუცხადა კილაძემ “AMBEBI.GE”-ს.
შეგახსნებთ, რომ გუკა რჩეულიშვილის მიმართ პროკურატურა თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებაზე მუშაობს. მას ბრალად (კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად) სხვისი ქონების მითვისება/გაფლანგვა ედება.