ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

EBRD-ი საქართველოში სატელეკომუნიკაციო ქსელის გაფართოებას დააფინანსებს

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მაგთიკომს, 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო, რომელიც საქართველოს რეგიონებში კომპანიის ფართოზოლოვანი კავშირის გავრცობას მოხმარდება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება მაგთიკომს საშუალებას მისცემს, კავკასუს ონლაინისგან შეისყიდოს ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტქსელის პლატფორმა თბილისიდან მოშორებით მდებარე რეგიონებში ქსელის გაფართოების მიზნით.

“მაგთიკომი, როგორც ინოვაციებითა და ტექნიკური პროგრესისაკენ სწრაფვით ცნობილი კომპანია, შეძლებს, მომხმარებელს უკეთესი და უფრო სწრაფი ინტერნეტმომსახურება შესთავაზოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, გაუმჯობესებული ხარისხის ინტერნეტკავშირის გავრცელება გაზრდის კონკურენციას საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზარზე და უბიძგებს სხვა ოპერატორებს, დაიცვან ქსელისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტი”, – განმარტავენ მაგთიკომში.

„ეს პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირების მცდელობის კიდევ ერთ ნიმუშია. საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა, სადაც რეგიონებს უფრო მჭიდრო საინფორმაციო კავშირი ესაჭიროებათ“, – აცხადებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის რეგიონული დირექტორი, ბრუნო ბალვანერა, “ცოდნის ეკონომიკაში ინვესტირების განხორციელებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქვეყანაში ინოვაციათა სტიმულირებას ცდილობს. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს მაღალხარისხოვანი მობილური ქსელის, ინტერნეტისა და ტელემაუწყებლობის პლატფორმის შემდგომ განვითარებას საქართველოს ძნელად მისადგომ რეგიონებში, რასაც მოჰყვება როგორც ადგილობრივი ეკონომიკის, ისე ზოგადად ქვეყნის კავშირგაბმულობის სექტორის წინსვლა. ჩვენ სიამოვნებით ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ პარტნიორთან, როგორც მაგთიკომია – კომპანია, რომელიც ცნობილია კავშირგაბმულობის სეგმენტში ფართო გამოცდილებითა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებით“.

„მაგთიკომი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს უახლეს ტექნოლოგიებს. ოპერირების დაწყებიდან მაგთიკომმა მოიცვა მობილური სამყაროს განვითარების ყველა საფეხური და მომხმარებელს შესთავაზა 2G, 3G, 4G და 4.5G ქსელები, ასევე – ფიქსირებული ტელეფონია და თანამგზავრული ტელევიზია.

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” საქართველოში წამყვან ინსტიტუციონალურ ინვესტორად გვევლინება. ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან მოყოლებული, ბანკმა 2. 73 მილიარდი ევროთი დააფინანსა 195 პროექტი ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სფეროებში. ამ ინვესტიციათა 91% კერძო სექტორში განხორციელდა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2016-2018 წლების სტრატეგიული გეგმა იმ ქვეყნებში, სადაც იგი ინვესტირებას ახდენს, საქართველოს ჩათვლით, სამი პრიორიტეტით ხასიათდება, ესენია: ეკონომიკური მოქნილობა, გლობალურ გამოწვევათა მიღება და რეგიონალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

იტვირთბა....