გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების მიზეზებს განმარტავს. აგულაშვილს თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამოძრავებდა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო რესპუბლიკური პარტია და დავრჩე გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერმინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში “ქართულ ოცნებასთან” ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ”-განაცხადა აგულაშვილმა.