”ცენტრ პოინტის” საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილით რჩეულიშვილების ოჯახს მიმართავს. წერილში ის განმარტავს, რომ არანაირი წვლილი არ მიუძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებაში. ჩარკვიანი რჩეულიშვილებს მიმართავს, რათა მიიღონ ყველა ზომა იმისთვის, რომ ამ მდგომარეობას თავი დააღწიოს და თან რაც შეიძლება მალე.
„მაია, ნიკა, დარსო, ძალიან დიდ გაუგებრაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუბარია რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით, ვინაიდან კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადებები დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიეთი და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ, სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობა დავაღწიო თავი რაც შეძლება მალე – დღეს, ხვალ”, – წერს ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, „ცენტრ პოინტის“ ორი თანამშრომელი გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი და „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: „დიდი ოდენობით, ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით 2016 წლის 10 ივლისს ბრალდებულად დაკავებული იქნა სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი, ხოლო გურამ რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხდა, რადგან იგი ემალება გამოძიებას. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, სასამართლომ მისი დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.