საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო – საპროექტო სამსახურის მენეჯერი, დავით მაღრაძე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, გამოიყენა სამსახურეობრივი მდგომარეობა და ავტორიტეტი, ერთ-ერთ მეწარმეს, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაზე ადრე მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. დავით მაღრაძე საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების დროს დააკავა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.