საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” მიმართავს. ისინი პაპუაშვილს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.
კერძოდ, „ახალგაზრდა ადვოკატები“ პაპუაშვილის მიერ, 2007 წელს სახელმწიფოსგან როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ და სადავო ბინის მიღებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პაპუაშვილმა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა:
„სწორედ მოსამართლისთვის შეუფერებელი და უღირსი ქცევის კვალიფიკაცია მიეცა გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტს 2016 წლის 29 თებერვალს სამთავრობო სხდომაზე, სადაც გიორგი პაპუაშვილს მხარი არ დაუჭირეს ევროსასამართლოში მოსამართლის შესარჩევ კონკურსში. შესაბამისად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკითხზე შეფასება უკვე გამოთქვა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მისი წევრი მოსამართლის, გიორგი პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტაზე, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს”, _ აცხადებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი.
ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ამ მოთხოვნით დღეს აქცია გამართა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის ცხოვრების ფაქტი თავად როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც გააპროტესტეს.
როლანდ ბლადაძის ოჯახის განცხადებით, აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილებით, როლანდ ბლადაძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.