ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„მოკლეს იმიტომ, რომ უყვარდა“: რას ამბობენ კანდელაკის ქუჩაზე მოკლულის მეგობრები

კანდელაკის ქუჩაზე მოკლული 31 წლის მიხეილ ცხაკაიას  შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ. ისინი მკვლელობის სავარაუდო მიზეზებს ასახელებენ.

გარდაცვლილის თანაკლასელი, „მის საქართველო“  ირინა ონაშვილი წერს:

„ღმერთო ესე ვინ გაიმეტააა. როდემდე ხალხო როდემდე უნდა დაპარპაშებდნენ ეს შეიარაღებული განქსტერები ქუჩაშიიიი. ჩემს კლასელს ესროლეს თავში და მოკლეს იმისთვის რომ ვიღაც გოგო უყვარდა. ვერ ვიჯერებ, შენ ჩვენთან აღარ იქნები“ – წერს ონაშვილი.

ცხაკაიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა მისმა კიდევ ერთმა თანაკლასელმა, ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ:

 

„შორს ვარ და რაღაც მინდა ვთქვა მიხოზე, ბიჭზე რომელიც მოკლეს. მთელი ცხოვრებაა ვუყურებ ამ საოცრად კეთილ, გაჩხვანკულ, გრძელ ბიჭს, გრძელ ფეხებს ისე მოათრევს, თითქოს ეზარება. ვიცი ყველა დამეთანხმება ახლა, ზუსტად ასე დადის. საერთოდ არ ვიცი ჩემი ეზო როგორია მის გარეშე. ეზოში რომ შემოვალ, მიხო მხვდება თავისი კომენტარებით. ადრე სხვანაირად მხვდებოდა. ერთი ვედრო წყალი გადამასხა. საშინლად გავბრაზდი. მაგრამ ჩვენ იშვიათად ვჩხუბობდით. აი, ირინას კი საშინლად აწვალებდა. ამბობდა თვითონ ირინა მიწვევს, სულ რომ მეჩხუბება – მაგიტომაც ვერჩიო.

 

მიხო იყო ყველაზე კეთილშობოლი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობდი. საოცრად კეთილი, გულჩვილი, გამორჩეულად კარგი. მიხოს მხოლოდ სხვებისთვის სიხარულის მინიჭება შეეძლო, მხოლოდ ხუმრობა, მხოლოდ სხვების გაცინება, მხოლოდ სხვებზე დარდი.. ასეთი იყო 5 წლის ასაკში და ასეთი იყო 31 წლის.. ჰოდა, ასეთ ბიჭს ესროლეს ორი ტყვია, ეზოში სადაც ვთამაშობდით, სადაც გავიზარდეთ. ესროლეს გამიზნულად. იმიტომ ესროლეს რომ უყვარდა და არა იმიტომ რომ ვინმე სძულდა. ნეტავ თუ იცოდა ვის ესროდა? როგორ იმეტებდა? გასაგიჟებლად გულკეთილ, საოცრად, საოცრად კარგ ადამიანს..მიყვარხარ ძალიან, სენაკა“ – წერს ვიკა ბუკია.

 

გახმაურებულ მკვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებისა“ და „ხელოვნური სუნთქვის“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი:

„ასე თუ გაგრძელდა, “ყოფილი ქმარი” შეიძლება დიაგნოზად იქცეს და ფსიქიკურ აშლილობათა სიაში შევიდეს.“ – წერს დევდარიანი.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ცხაკაია მისივე სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. სასიკვდილო გასროლა მკვლელობაში ბრალდებულმა გადაჭრილი სანადირო იარაღიდან მოახდინა.

 

მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მიხეილ ცხაკაიას მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხაკაიას შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა ესროლა.

 

სამართალდამაცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....