ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში 57 წევრი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2008 წელს ეუთომ რუსეთის სამხედრო აგრესია ვერ შეაჩერა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ქართველების ეთნიკურ წმენდას თბილისიდან ეუთოს მისიის წმენდაც მოჰყვა, რაც დამაფიქრებელი უნდა იყოს, რათა იფიქრონ ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად აუცილებელ ტრანსფორმაციაზე.
„ეუთო არის უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოს ყველაზე დიდი და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც იმითაც გამოირჩეოდა, რომ ყველაზე უკეთ ახერხებდა ეპოქის მოთხოვნებისთვის ფეხის აწყობას, დროა დავფიქრდეთ, თანამედროვე ეპოქამ ხომ არ მოიტანა ეუთოს შემდგომი ტრანსფორმაციის აუცილებლობაც, რათა იგი უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების და თანმშრომლობის მზარდ დეფიციტს.
ამ მოსაზრებისკენ გვიბიძგებს, მაგალითად, საქართველოს შემთხვევა. ეუთომ არათუ ვერ შეძლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ქართველების ეთნიკურ წმენდას თბილისიდან ეუთოს მისიის წმენდაც მოჰყვა, ეს დასაფიქრებელი შემთხვევაა იმისთვის, რომ ვიფიქროთ ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად აუცილებელ ტრანსფორმაციაზე.“- განაცხადა უსუფაშვილმა.