ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი ადასტურებს: პოლიტიკური გზა სომხეთიდან ცხინვალის გავლით

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სომხეთი ქართულ და რუსულ მხარეებთან ე.წ. ”სამხრეთ ოსეთის” გავლით გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, კომენტარი გააკეთა:

”ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან და მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა არის განადგურებული. ალბათ ორი კვირა მაინც დასჭირდება მის აღდგენას. ამით პრობლემა ექმნებათ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ექპორტიორებს ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომეხ ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ, მე მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი და მათი წინადადება იყო, რომ დაელაპარაკებოდნენ რუსეთის მხარეს, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, სტატუსის შეხების გარეშე მოხდებოდა არხის გახსნა.

ამ რეჟიმში გვინდოდა გაგვეტარებინა ეს ტვირთები, რათა არ მიგვეყენებინა ძალიან დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და სხვებისთვისაც. რუსეთის ფედერაციიდან იყო არაადექვატური პასუხი, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან, ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზით ტვირთის გატარებაზე. ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ამ არხის გახსნა. ამიტომ ჩვენ ბორანის გზა ავირჩიეთ და შავი ზღვის მეშვეობით გადის ეს ტვირთი რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს კანონი ”ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ, რომელიც 2012 წლამდე იქნა მიღებული. ის განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ არხის გამოყენებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება “ესჯიესთან” ხელშეკრულებას, ჩვენ ეს ხელშეკრულება გადავგზავნეთ რუსულ მხარესთან, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ეს არის მექანიზმი, რომელიც ნეიტრალური სტატუსით ტვირთების გატარებას ითვალისწინებს. ეს მექანიზმი სამწუხაროდ, ჯერ არ გაგვაჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მივიღეთ ტვირთის გატარების მექანიზმი, დღესდღეობით ტვირთები სარკინიგზო ბორანით გადის, როგორც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, ისე პირიქით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სომხური მხარე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის “სამხრეთ ოსეთის” გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას, –  ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

იტვირთბა....