ახალი ამბები პოლიტიკა

გიგი წერეთელი: „ჩვენ რუსეთის მხარდაჭერა გვჭირდება”

ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, გიგი წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდება.

რუსეთის დელეგაციის განცხადებას, რომ მხარს უჭერენ წერეთლის კანდიდატურას, მან ასე უპასუხა:

“ნებისმიერი დელეგაციის მხარდაჭერა არის კარგი გზავნილი. პრეზიდენტიც და ასამბლეაც უნდა შეეცადოს, რომ ეს გამოიყენოს სწორი მიმართულებით. ჩვენ რუსეთის მხარდაჭერა გვჭირდება ძალიან კონკრეტულ საკითხებში, რასაც ეუთო აყენებს. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი. თუ ეს მხარდაჭერა გამოიხატება კონკრეტულ მოქმედებაში დეოუპაციასთან, ანექსიის შეჩერებასთან დაკავშირებით, მე ძალიან გამიხარდება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ 1-5 ივლისს, თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს.

პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი.

სესიას დაესწრებიან: ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის თავმჯდომარე ბარისა გოლაკი და მონტენეგროს თავმჯდომარე დარკო პაჟოვიჩი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში, ეროვნული პარლამენტების წევრების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტები, დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 700-მდე სტუმარი საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობა და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებს. დოკუმენტი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და ეროვნულ პარლამენტებს დაეგზავნება.

იტვირთბა....