ორშაბათს, ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს განაჩენს გამოუტანენ. დღეს, პაპიძის სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა. ორშაბათს იქნება შემდეგი ეტაპი – დაცვისა და ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვებს წარადგენენ. საბოლოო სიტყვას იტყვის თავად ბრალდებულიც მაგდა პაპიძეც.
”ბრალდების მხარეს აქვს რწმენა და მოლოდინი, რომ ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც გულისყურით უსმენდნენ წარდგენილ მტკიცებულებებს, გამოიტანენ სწორ დასკვნას და პასუხს გასცემენ ბრალდებულის იმ საშინელ ქმედებას, რასაც ქვია ქმრისა და შვილის საკუთარი ხელით მკვლელობა”. – აღნიშნა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.
”მეტრონომს” სურდა ორივე მხარის პოზიცია წარმოედგინა, თუმცა დაცვის მხარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და მალევე დატოვა სასამართლოს შენობა.
შეგახსენებთ, 2015 წლის 20 დეკემბერს მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. სწორედ ამიტომ, მისივე მოთხოვნით ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.