გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ვარაუდობს, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება.
”ჩემს გამოსვლაში მე ძალიან ცალსახად გავუსვი ხაზი, რომ გერმანიაც და ევროკავშირიც მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დადგეს რეალური ვიზალიბერალიზაცია. ეს ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა დამოკიდებული და მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს ამისთვის. ის განრიგი, რომელიც არსებობს ევროპარლამენტში არის ძალიან ამბიციური – საკომიტეტო მოსმენები, კონსულტაციები… ვფიქრობ, თვის ბოლოს, ივლისის ბოლოს პროცესი დასრულდება, მაგრამ ალბათ სექტემბრის განმავლობაში, უფრო მეორე ნახევარში მივალთ საბოლოო, ლოგიკურ შედეგამდე”. – განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.
შეგახსენებთ, დღეს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია მიმდინარეობს.