აშშ-ის სენატში დემოკრატმა სენატორებმა თავდაცვის დაფინანსების ყოველწლიური კანონპროექტის მიღება დროებით დაბლოკეს. მათი განცხადებით, მიზეზი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და ადმინისტრაციის მხრიდან მისი სტრატეგიის შესახებ საკმარისი განმარტებების არარსებობაა.
დემოკრატების განცხადებით, კონგრესი ვერ განიხილავს ქვეყნის თავდაცვის მთავარ კანონპროექტს ისე, თითქოს ირანთან მიმდინარე კონფლიქტი არ არსებობს. მათი თქმით, გასულ თვეში მიღებული რეზოლუციის მიუხედავად, რომელიც სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას ისახავდა მიზნად, აშშ კვლავ ჩართულია კონფლიქტში.
სენატის უმცირესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ვიდრე ირანთან საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, დემოკრატები თავდაცვის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.
„რესპუბლიკელებს სურთ, სენატმა თავდაცვის კანონპროექტი ისე განიხილოს, თითქოს არაფერი ხდება, თუმცა ჩვენ ვერ დავაიგნორებთ ქვეყნის წინაშე არსებულ ყველაზე მწვავე ეროვნული უსაფრთხოების კრიზისს“, – განაცხადა შუმერმა.
თავის მხრივ, სენატორმა ტემი დაკვორტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ვიდრე მასში არ შევა მისი შესწორება, რომელიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დამატებითი დაფინანსების შეჩერებას ითვალისწინებს.
„კიდევ უფრო მეტი ფულის დახარჯვა და უკონტროლო სამხედრო ოპერაციის წარმოება სტრატეგია კი არა, მარადიული ომის რეცეპტია. ფსონები ძალიან მაღალია და მე არ შემიძლია, მხარი დავუჭირო კანონპროექტს ჩემი შესწორების გარეშე, რომელიც ამ უკანონო ომის დასრულებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა სენატორმა.

