პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვა გავრცელებული ინფორმაცია, რომ საგარეჯოს რაიონში შარშან, ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა, მოიკვლიოს და თუ საჭირო იქნება, ჩართონ შესაბამისი უწყებები:
„ის, რომ სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, დავასუბსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა არის განხილვადი“, – განაცხადა პრემიერმა.
პასუხად სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ცნობილია და საუბარია რამდენიმე სოფლიდან 50 მევენახეზე და ჯამში 200 ათას ლარზე მეტ დავალიანებაზე:
„იყო გამოძიება, რომლის შესაბამისად, კომპანიას არ გააჩნია ის აქტივები, რომელიც დააკმაყოფილებს ამ დაზარალებულ ადამიანებს. თქვენს დავალებას მივიღებთ და მაქსიმალურად ვეცდებით რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ, რომ მინიმალური იყოს ზარალი“, – განაცხადა დანელიამ.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეაფასა, „ეს არის სამწუხარო ფაქტი“, თუმცა პრემიერმა მინისტრს სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ სამწუხარო კი არა, უფრო ამაზრზენი ფაქტია:
„ეს არის იმ ადამიანების ფულის მითვისება, ვინც ამაზეა დამოკიდებული მთელი წელი. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოკლე დროში მოხდეს ამ საკითხის გარკვევა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.