საქართველოში ინფექციური, ტრანსმისიური (ინფექციური დაავადებები, რომელთა გამომწვევი გადაეცემა სისხლის მწოველი გადამტანებით, მწერებით და ტკიპებით) დაავადება „დენგე“ გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში ამ ვირუსით ინდოეთის მოქალაქე მოათავსეს. მას მაღალი ტეპერატურა, ძლიერი თავის ტკივილები, კუნთებისა და სახსრების ტკივილები აღენიშნებოდა.
„დენგეს“ დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია „მეტრონომთან“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ინდოეთის მოქალაქე უკვე ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფება:
ხათუნა ზახაშვილი: დენგეს დაავადება ერთ ადამიანს აღენიშნა. დაავადება შემოტანილია, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა. დაავადებული ჩამოვიდა, გამოვუვლინეთ დიაგნოზი, ვუმკრუნალეთ და გავუშვით.
„მეტრონომი“: ეპიდემიის საფრთხე არსებობს?
-არა, ჯერჯერობით შეფასებულია, რომ საფრთხე არ არსებობს, რისკი მინიმალურია.
ცნობისთვის, საქართველოში ეს ვირუსი პირველად დაფიქსირდა.
დენგეს ცხელება კოღოთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს სუბტროპიკულ რეგიონებში გვხვდება. მსუბუქი დენგეს ცხელება იწვევს მაღალ სიცხეს, გამონაყარს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. მძიმე ფორმა, რომელსაც დენგეს ჰემორაგიული ცხელება ეწოდება, შესაძლოა გართულდეს ძლიერი სისხლდენით, შოკითა და სიკვდილით.
დენგეს ცხელების მილიონობით შემთხვევა ფიქსირდება მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად. ცხელება ხშირია სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ წყნარი ოკეანის კუნძულებზე. დაავადება გახშირდა სამხრეთ ამერიკასა და კარიბის ზღვაშიც.
მკვლევარები მუშაობენ ვაქცინის აღმოსაჩენად. ამ დროისათვის, საუკეთესო პრევენცია კოღოებთან კონტაქტის შემცირებაა იმ ადგილებში, სადაც ცხელება გავრცელებულია.
მრავალ ადამიანს, განსაკუთრებით მოზარდებსა და ბავშვებს, შესაძლოა სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდეს მსუბუქი ცხელების დროს. როცა სიმპტომი ჩნდება, ეს ძირითადად ინიფიცირებიდან (კოღოს ნაკბენიდან) 10 დღეში ხდება. ნიშნები და სიმპტომებია:
ძლიერი ცხელება, 41 გრადუს ცელსიუსამდე
თავის ტკივილი
კუნთების, ძვლების, სახსრების ტკივილი
ტკივილი თვალებს უკან
შესაძლოა გამოვლინდეს:
გავრცელებული გამონაყარი
გულისრევის შეგრძნება და ღებინება
იშვიათად, მცირე სისხლდენა ღრძილებიდან ან ცხვირიდან
ავადმყოფთა უმეტესობა გამოკეთდება დაახლოებით 1 კვირაში. ზოგჯერ, სიმპტომები მძიმდება და სიცოცხლისათვის საშიში ხდება. ზიანდება სისხლძარღვები და მცირდება თრომბოციტების რაოდენობა სისხლში. ეს იწვევს:
სისხლდენას პირისა და ცხვირის ღრუდან
ძლიერ ტკივილს მუცლის არეში
ხანგრძლივ ღებინებას
კანქვეშა სისხლდენას, რომელიც გავს ჩალურჯებას
ფილტვების, ღვიძლის ან გულის პრობლემებს
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ახლახანს იმოგზაურეთ რეგიონში, სადაც დენგეს ცხელება გავრცელებულია და აღგენიშნათ ცხელება, მიმართეთ ექიმს.