ირაკლი სესიაშვილი: “თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ხელთათმანს ისვრის. მას მინისტრობამდე ორი კვირა დარჩა”
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამხედრო-სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი საჯაროდ, ჟურნალისტების წინაშე მოაწერა. ”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს”. – განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელის დღევანდელი გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური უქმდება. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს, წვევამდელების მომსახურებაზე უარი არ უთქვამთ, ამიტომ გაწვევა ისევ გაგრძელდება.
“მეტრონომს” სასჯელაღსრულების სამინისტროში გაუცხადეს უწყება კვლავაც განაგრძობს ახალგაზრდების გაწვევას და ამ მიმართულების პოზიციის შეცვლას არ გეგმავს.
ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” წევრი გუგა ჩაფიჩაძე განმარტავს, რომ ხიდაშელის დღევანდელი განცხადება ბევრ არაფერს ცვლის და აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომელთაც აქამდე თავდაცვის სამინისტრო იწვევდა ჯარში, ხოლო დანარჩენ 75%-ს , რომლებსაც შსს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იწვევს, ეს ინიციატივა არ ეხება.
“ეს ცვლილება რაც ქაბატონი ხიდაშელის მიერ იყო ინიცირებული ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, რაც არის 25% და ეს ცვლილება ვერანაირად ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ვერც სასჯელაღსრულების სამინისტროზე და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ამ უწყებებზე გაწვეულთა 75% მოდის და ახალგაზრდებს ძირითადად ყარაულად ამუშავებენ. მთავრობა წინააღმდეგია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების და ვიცით, რომ რამდენიმე თვეში ქაბატონი თინათინ ხიდაშელი მინისტრი აღარ იქნება. შესაბამისად, სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს წინასაარჩევნო პოპულიზმია. ასე ცდილობს ქალბატონი ხიდაშელი და მთლიანად “რესპუბლიკური პარტია” წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ხმების მოპოვებას. არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა დღევანდელი გადაწყვეტილებით და ტყუილად არის ამხელა აჟიოტაჟი. დღევანდელი გადაწყვეტილებით მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ის 25% საშემოდგომო გაწვევაზე აღარ წავა, თუმცა ახალი მინისტრი “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში, ისევ აღადგენს ამ სისტემას და ისევ გაგრძელდება იძულებით გაწვევა საქართველოში”. – აცხადებს ჩაფიჩაძე “მეტრონომთან” საუბარში.
ხიდაშელის გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებზე ჩაფიჩაძის გარდა მმართველი გუნდის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც საუბრობს. სესიაშვილის თქმით, ხეიდაშელის განცხადება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ შეთანხმებული მთავრობასთან და პრეზიდენტთან არ ყოფილა.
„საკითხი ძალიან მგძნობიარეა, რომელიც ფართო და სერიოზულ მსჯელობას იმსახურებს, მათ შორის მთავრობაში, პარლამენტსა და სამხედრო ექსპერტებში. თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ხელთათმანს ისვრის. მას მინისტრობამდე ორი კვირა დარჩა და ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს და ამბობს – მომავალ მინისტრს თუ არ მოეწონება, გააუქმოსო. ეს არ არის სწორი ქმედება, მით უფრო, რომ შეთანხმებული არ ყოფილა არც პრეზიდენთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან. ის ამბობდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ სურდა, ჩვენ ყველანი ვამბობდით, რომ საჭირო იყო”. – აღნიშნავს სესიაშვილი.
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს. საქართველოში ერთადერთი პარტია, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას უჭერს მხარს “გირჩია”. ამ საკითხზე პარლამენტში კანონპროექტიც მომზადდა, რომელიც ქვეყანაში გაწვევის სრულად გაუქმებას ითვალისწინებდა.
კანონპროექტის ავტორებს შემდეგი არგუმენტები ჰქონდათ:
გაწვეულ კაცთა მხოლოდ მეოთხედი გადის რეალურ სამხედრო წვრთნას, ხოლო დანარჩენი ყარაულის ან/და დაცვის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში; – ე.წ. „უფასო მუშა ხელი“; (აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამის გარდა სხვა არგუმენტი არ არის წარმოდგენილი);
გაწვეულთა უმრავლესობა ტვირთად აწვება ოჯახს. ისინი 1 წლის განმავლობაში ვერ მუშაობენ, ვერ სწავლობენ, ვერ ეხმარებიან ოჯახს ფინანსურად, იძულებულები არიან სამსახურიდან წამოვიდნენ და ა.შ. ადამიანები კარგავენ დროს;
სამხედრო სამსახურს ძირითადად გადიან ის ადამიანები რომლებიც ხელმომჭირნედ ცხოვრობენ და ვალდებულებას გვერდს ვერ უვლიან სხვადასხვა გზებით;
წვევამდელთა ნაწილს საერთოდ არ მიუწევს გული სამხედრო სამსახურისკენ. მიუღებელია იძულება;
წარმოდგენილი არგუმენტების მიხედვით, თუ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხედვა არაეფექტურია, მაშინ საჭიროა მისი ნაწილის გაუქმება.
აღნიშნულ კანონპროექტს მმართველმა გუნდა მხარი არ დაუჭირა. მაშინ ჯერ კიდევ კოალიციაში აცხადებდნენ, რომ სავალდებულო სამსახურის გაუქმებას მხარს უჭერდნენ ოღონდ ეტაპობრივად, საპარლამენტო განხილვების შემდგომ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე გივი თარგამაძე საკითხზე საუბრისას იმ შეუთანხმებელ პოზიციებზე საუბრობს რაც ხიდაშელის დღევანდელ განცხადებას მოჰყვა.
“ყოველთვის საჭიროების მიხედვით დგინდებოდა ეს ყველაფერი, ანუ ჩვენ ყოველთვის ვენდობოდით თავდაცვის მინისტრს და ერთობლივ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. გასაოცარი დღევანდელ სიტუაციაში არის ის, რომ თავდაცვის მინისტრი იძახის ერთს და ის გუნდი, რომელსაც წარმოადგენს თინათინ ხიდაშელი, იძახის მეორეს. ეს არის გაურკვევლობა, თორემ მე როგორც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ყოველთვის ვენდობოდი თავდაცვის მინისტრის დასაბუთებულ განცხადებებს. უნდა ჩამოყალიბდეს მმართველი გუნდი, მინისტრი არის მათი გუნდის წევრი თუ არა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავდაცვის მინისტრი და ამიტომ საბოლოო ჯამში, მან უნდა თქვას, ენდობა თუ არა ხიდაშელს. თუ არ ენდობა რატომ არის თავდაცვის მინისტრი გაუგებარია.” – აცხადებს თარგამაძე “მეტრონომთან” საუბარში.
პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური ტრადიციულად კრიტიკული იყო ხიდაშელის გადაწყვეტილების შეფასებისას. მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი მთავრობაში „შაჰიდის ქამრის“ როლს ასრულებს.
”თინა ხიდაშელი მთავრობაში ”შაჰიდის ქამრის” როლს ასრულებს. ვინც მას ამდენი ხანი აჩერებს, პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს. იმიტომ, რომ ეს ქალი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. მე არ მესმის, რატომ დგას ის პარლამენტის ზემოთ, აუქმებს გაწვევებს და იღებს სხვადასხვა საზიანო გადაწყვეტილებებს? მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკა გვეხმარება. მე მაინტერესებს, რაში გამოიხატება ამერიკის დახმარება? – ორი ტანკით და სასულე ორკესტრით? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ამით აპირებს? ამ ქალის გადაწყვეტილებებში დამატებით საფრთხეებს ვხედავ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. რუსეთი რომ ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს, იმედია, ეჭვი არ ეპარება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ქალი არაადეკვატურია, მისი გადაწყვეტილებები პოპულისტურია, რომელიც მიზნად მკვდარი „რესპუბლიკური პარტიის“ გაცოცხლებას ისახავს“. – აღნიშნავს მეჭიაური.
სესიაშვილის მინისტრად მოსვლის პერსპექტივასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავდაცვის სამინისტროში აღდგენის საკითხზე თარგამაძე ასე პასუხობს: სამ თვეში ხელისუფლება შეიცვლება და შეუძლიათ არ იწვალონ, დაგველოდონ და ყველაფერს დალაგებთ”.
რა რისკებს შეიცავას თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება და რამდენად ემსახურება ის წინასაარჩევნო მიზნებს?
უსაფრთოების ექსპერტის, ზურაბ აგალაძის აზრით, დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან კარგია, რადგან ის სისტემა რაც საქართველოში ფუნქციონირებს მანკიერია და არა რეფორმას, არამედ გაუქმებას საჭიროებს.
„ვფიქრობ ბრწყინვალე აზრია და უფრო ადრეც უნდა გაგვეკეთებინა. სავალდებულო გაწვევის გამო, ახალგაზრდებს ერთ წელიწადს ვაკარგვინებდით. ისინი დაცვაში მიზერულ ხელფასზე მუშაობის მეტს ფაქტობრივად არაფერს აკეთებდნენ, მათ სრულფასოვანი საბრძოლო წვრთნა არ უტარდებოდათ. ისე გამოდიოდა, რომ მათი სახით იაფი მუშახელი ჰყავდა სახელმწიფოს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო მიღებული”. – აცხადებს აგლაძე “პოლიტოკომერსანტთან”.
გადახედავს თუ არა ხიდაშელის შემცვლელი სამხედრო მოსამსახურეების ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ დღეს ხელმოწერილ გადაწყვეტილებას ამის შესახებ სავარაუდოდ ვარშავის სამიტის შემდგომ გახდება ცნობილი, მანამდე კი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭო განიხილავს.
მარიამ ვარადაშვილი