ახალი ამბები მთავარი სამართალი

„კიწმარიშვილს მანჰეტენზე ბინა გაყიდული ჰქონდა“

 

პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილმა ნიუ იორკში, მანჰეტენზე არსებული ბინა 2013 წლის 27 ივნისს გაასხვისა და მიღებული თანხით ვალი გაისტუმრა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილს მრავალი ფინანსური ვალდებულება ჰქონდა და თვითმკვლელობა სწორედ ამან განაპირობა.

“კანონმდებლობის მიხედვით, თვითმკვლელობა დანაშაული არ არის და როგორც მოტივზე ვერ ვიპარაკებთ… ჩვენ ვახდენთ ფაქტების კონსტატაციას, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ვალები – 310 000 დოლარისა და 120 000 ლარის ოდენობით. გარდაცვალების წინა დღეს მის საარჩევნო შტაბში საპროტესტო აქცია მოეწყო, ბევრი ადამიანი კუთვნილი თანხის დაბრუნებას მოითხოვდა. რაც შეეხება ქონებას, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როდესაც ითქვა, რომ მას ნიუ იორკში, მანჰეტენზე ძვირადღირებული ბინა ჰქონდა.

დოკუმენტურად დადგენილია, რომ 2013 წლის 27 ივნისს კიწმარიშვილმა ვინმე ჯალანზე გაასხვისა ბინა და მიღებული თანხით გაისტუმრა ვალი, რომელიც აშშ-ში ჰქონდა. დადგინდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლიც ჭავჭავაძის პროსპექტზე იპოთეკით არის დატვირთული”. – აცხადებს აღლემაშვილი “კვირის პალიტრასთან” საუბრისას.

ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი “მეტრონომთან” საუბარში ამბობს, რომ გარდაცვლილი კიწმარიშვილი ნიუ იორკში მდებარე ბინის გაყიდვას დიდი ხნით ადრე  გეგმავდა და ამის შესახებ ოჯახის წევრები ინფორმირებულნი იყვნენ.

“პროკურატურას ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილმა თანხა აიღო ამ ბინაში და იქ კონკრეტული თანხაც იყო ნახსენები. არ ვაპირებ დაჟინებით უარვყო ის ფაქტი რომ ეს ბინა ეროსის საკუთრებაში იყო, ან მას დაახლოებით ორნახევარ მილიონად ჰქონდა გაყიდული. როგორც მახსოვს ჩემი ძმა ამბობდა, რომ ბინა გაქირავებული ჰქონდა ორი წლის ვადით და წინსწრებით აღებული ჰქონდა ფული. ზოგადად ამბობდა, რომ ამ ბინის ინტერესი არ ჰქონდა და მის გაყიდვასაც აპირებდა, თუმცა, ეს პერიოდი უნდა გასულიყო. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ პერიოდისთვის ეს ვადა ამოიწურა და ამ თანხად გაიყიდა. პროკურატურას ჰქონდა ინტერნეტიდან ინგლისურად ამოღებული ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც უცხოელმა ნიუ იორკში მდებარე ბინა იყიდა. როდესაც ეს საქმის მასალებში ვნახე არ გამიპროტესტებია”. – აცხადებს კიწმარიშვილი.

რაც შეეხება კიწმარიშვილი მფლობელობაში არსებულ ვაკეში მდებარე ბინას და მის იპოთეკით დატვირთვას, რაზეც პროკურორი აღლემაშვილი აპელირებს, ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ამ ბინის საფასურს ეროსი კიწმარიშვილი წლების განმავლობაში ჩვეულებრივ ყოველთვიურად იხდიდა.

“ვაკეში მდებარე სახლიც იპოთეკური სესხით იყო დატვირთული და მისი ღირებულება დაახლოებით 240 000 დოლარს შეადგენდა. ეს ვალი ახალი არ არის. ამ იპოთეკას ჩვეულებრივ იხდიდნენ. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს დღეს იპოთეკური სესხი და ყოველთვიურად ფარავენ” – აცხადებს კიწმარიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის მტკიცებით, კიწმარიშვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თავი მოიკლა.

 

იტვირთბა....