გარდაცვლილი ბიზნესმენის, ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურა კიწმარიშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მისი პირადი ანგარიში გატეხეს.
„ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ მოხდა ეროსის ექაუნთში მესიჯის მიღება, რომელიც ჩვენ შემდგომ ვეღარ ვნახეთ, ის იქიდან წაიშალა. ეროსის პირადი სივრცე იქნა დაჰაკერებული. პირად საუბარში გვეუბნებიან, რომ ეს არის ტიპი, რომელიც გარკვეული მატერიალური დაინტერესების გამო ცდილობდა ცნობილი ადამიანების პირად სივრცეში შეღწევას და ამ სივრცის გამოყენებას სარეკლამო გზავნილების გასავრცელებლად. თუმცა, მე ძალიან მიკვირს ექვსი თვის გარდაცვლილი ადამიანის პირადი სივრცე შეიძლება თუ არა ამისთვის გამოყენებულ იქნას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს სხვა მოტივებია“,-განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყების ცნობით, კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. კიწმარიშვილის ოჯახი აღნიშნულ ვერსიას არ ეთანხმება.