ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილს წაუყენებენ ბრალს”: ახალი ბრალდება გენერლის მკვლელობის საქმეზე

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გენერალ გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენონ. სააგენტო “პირველს” გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განუცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება აქტიურ ფაზაშია შესული. მისი ინფორმაციით, გამოძიების პროცესში რამდენიმე დღეა, რაც დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო.
ლია კრიალაშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიძრა, რაც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.
“მე საქმეში ჩავრთე დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც პროკურატურასთან ერთად მუშაობს. ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილს წაუყენებენ ბრალს, მითუმეტეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, “ნაციონალებმა” მერაბიშვილის გამართლების შესახებ ჭორები გაავრცელეს. პირდაპირი მტკიცებულება აქვს პროკურატურას, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი მკვლელები არიან. კაცი თავისი პირით ამბობს, რომ ორი გვამი სჭირდება. ეს უტყუარი მტკიცებულებაა. ამ კადრებით მერაბიშვილს აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული. რაც შეეხება სააკაშვილს, იმ კადრებით, სადაც ამბობს, რომ წკრიალაშვილი მიწიდან ამოიღეთო, თითქოს, გვარიც არ იცოდა ნაძირალა სააკაშვილმა. ვიცი, რომ პროკურატურა აქტიურად მუშაობს და ალბათ, ბრალსაც წაუყენებენ მერაბიშვილს”,- განუცხადა “პირველს” ლია კრიალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თებერვალში, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ვანო მერაბიშვილი 2 გვამს ითხოვდა და დიდი პრემიების გაცემის პირობას დებდა. ეს ვიდეო 2009 წლის 5 მაისს იყო გადაღებული, ე.წ. მუხროვანის ამბოხების დღეს. არსებული ინფორმაციით, ყოფილი შს მინისტრი გია კრიალაშვილისა და კობა ოთანაძის გვამებს ითხოვდა. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო.
Pia.ge
იტვირთბა....