ეროსი კიწმარიშვილის ავტოფარეხში სათვალთვალო ვიდეოკამერის ვინმეს მიერ შეტრიალების ფაქტი დადგენილი არ არის, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროკურატურის თქმით, კიწმარიშვილის ფარეხში შეტრიალებულ სათვალთვალო კამერასთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გარკვეული მედიასაშუალებებით გაავრცელდა. ვიდეოკამერის რაკურსი არავის შეუცვლია და დარჩა იგივე მიმართულებით, რა მიმართულებითაც თავდაპირველად დამონტაჟდა:
„ვიდეოკამერის შებრუნებასთან დაკავშირებით მედიასაშუალებების მიერ ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.
სინამდვილეში მოხდა ისე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა და მისმა მძღოლმა ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც დადგენილია, შეუკვეთა ვიდეოკამერის დამონტაჟება მის ავტოფარეხში. ვიდეოკამერა დამონტაჟდა ისე, რომ იმ დროისთვის ეროსი კიწმარიშვილი სადაც აჩერებდა ავტომანქანას, სწორედ იმ რაკურსით იხედებოდა კამერის ობიექტივი.
შემდგომში მოხდა ისე, რომ კიწმარიშვილმა შეიცვალა ავტოსადგომი და გადამღების რაკურსი არავის არ შეუცვლია, დარჩა იგივე მიმართულებით, რა მიმართულებითაც თავდაპირველად დამონტაჟდა. ამიტომ ვიდეოს შეტრიალების ფაქტი არ არის დადგენილი.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ვიდეო იმდენად იყო დამტვერილი, რომ ვერ მოხდა მისგან იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის კვალის ამოღება“, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების მტკიცებით, კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.