ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნიკა გვარამია კიწმარიშვილის საქმეზე: „მეტი კრედიტი მაქვს, მაგრამ თავის მოკვლაზე არ ვფიქრობ“

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის დღევანდელ სპეციალურ განცხადებას, რომ მან თავი მოიკლა და გამოძიება დაიხურა, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლაო, პროკურატურამ.

მიზეზი: რთული ეკონომიური მდგომარეობა: 312 ათასი დოლარი და 120 ათასი ლარი ვალი და დაიპოთეკებული ქონება.

ბევრს იცინებდა კაცი, უკიდურესად ტრაგიკული რომ არ იყოს ვითარება.

ps თუ ჩემი მკვლელობაც ასე ახსნა პროკურატურამ, ღიად ვაცხადებ, რომ მე მეტი კრედიტი მაქვს და ყველაფერი ასევე დაიპოთეკებული, მაგრამ თავის მოკვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.“ – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსნებთ, რომ პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა. განცხადებაში ნათქვამია:

„გაცნობებთ რომ, საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით.

 

გვინდა განვმარტოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ გამოძიების შედეგებზე, მხედველობაში არ გვაქვს მხოლოდ ცალკე აღებული რომელიმე საგამოძიებო მოქმედების შედეგი, ჩვენ ვითვალისწინებთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივ, თანმიმდევრულ და ლოგიკურ ანალიზს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 2014 წლის 15 ივლისს იპოვეს.

იტვირთბა....