თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე წინასწარი გამოძიების გამომძიებელი პაატა ნოზაძე დაიკითხა.
გამომძიებელს კითხვები ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა დაუსვეს.
ბრალდებული მაგდა პაპიძის მტკიცებით, მათი ფანჯრის გისოსი დაზიანებული იყო და არ არის გამორიცხული, ფანჯრიდან ვინმე გადასულიყო:
“როდესაც თორნიკე ჩაიკეტებოდა ხოლმე ოთახში, მეც და ჩემი მეუღლეც ფანჯრიდან არაერთხელ გადავსულვართ. გისოსი იწეოდა, დაზიანებული იყო წლებია და ახლაც იქნება დაზიანებული”, – განაცხადა პაპიძემ.
ბრალდებულმა გამომძიებელ ჰკითხა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში რატომ არ დააფიქსირა დაზიანებული გისოსი.
გამომძიებლის განცხადებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გისოსზე დაზიანება არ შეუნიშნავთ.
პაატა ნოზაძეს კითხვები ბრალდებულის ადვოკატებმაც დაუსვეს. მათ აინტერესებდათ, რატომ ვერ შენიშნა გამომძიებელმა პირველი დათვალიერებისას სისხლის ლაქები შპალერზე და რატომ აღმოაჩინეს ეს ფაქტი თვენახევრის შემდეგ.
გამომძიებლის პასაუხით, შპალერი წითელი ფერის იყო და სისხლის ლაქები ვერ დაინახეს:
“როდესაც სისხლი შრება, ფერს იცვლის და ამიტომაც დაინახეს პანაშვიდებზე მეზობლებმა”, – განაცხადა გამომძიებელმა და აღნიშნა, რომ ოთახში, მაგიდის ქვეშ ზოლად მოწმენდილი სისხლის კვალი ოქმში დააფიქსირეს.
მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის თქმით, პაპიძე ოთახში გასაღების ასაღებად სისხლიანი ხელებით შევიდა და მაგიდის ქვეშ ერთი წვეთი სწორედ ამ დროს დაეწვეთა. პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, კი პაპიძემ ჩვენებაში სხვა ადგილი მიუთითა, საიდანაც გასაღები აიღო და დივნის წინ, მაგიდის ქვეშ მისი ხელიდან სისხლი ვერ მოხვდებოდა.
პროცესი 22 ივნისს იმ ექსპერტ-კრიმინალისტების დაკითხვით გაგრძელდება, რომლებიც შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და მტკიცებულებების დალუქვაში მონაწილეობდნენ.