ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვიზალიბერალიზაციის პროცესი შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვით გადავადდეს

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე და საკითხი კვლავაც ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში (COREPER II) დააბრუნეს. ახლა უკვე ბევრისთვის ნათელია, რომ თითქმის ნულს გაუტოლდა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ზაფხულში დაგვირგვინების შანსი, თუმცა ჯერ ისევ შესაძლებელია, რომ ეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდეს. არ გამართლდა ანალიტიკოსების ერთი ნაწილის მკრთალი იმედი, რომ 20 ივნისს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თავმჯდომარეობით მიმდინარე საბჭოს სხდომაზე სკეპტიკოსი ქვეყნების გადარწმუნება მოხერხდებოდა.

20 ივნისის შეხვედრას საქართველოში ბევრი განიხილავდა შესაძლებლობად, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. გარკვეულ იმედს აჩენდა ის გარემოება, რომ შეხვედრას თავმჯდომარეობდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, რომელიც ასევე ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტია, ხოლო ევროკომისია, როგორც ინიციატორი, ყველაზე მეტად არის მონდომებული პროცესი წარმატებით დასრულდეს. თუმცა ორშაბათს, დღის ბოლოს, ლუქსემბურგში დაგეგმილზე ნახევარი საათით გვიან დაწყებულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ფედერიკა მოგერინიმ საზოგადოებას განსხვავებული შედეგი აუწყა:

„ნათელი იყო ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, რომ, ეჭვგარეშეა, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა პირობა… და ახლა ეს საკითხი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ – ჰოლანდიამ – უნდა ჩართოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) უახლოეს სხდომაზე… თუმცა ყველა წევრმა სახელმწიფომ ნათლად აღიარა ფაქტი, რომ საქართველომ წარმოუდგენლად კარგად იშრომა და ეს უნდა იქნეს აღიარებული რაც შეიძლება მალე“.

ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტს (COREPER II), რომელიც ფედერიკა მოგერინიმ ახსენა, საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი ბოლო პერიოდში სამჯერ აქვს განხილული და სამჯერვე უშედეგოდ. ხოლო ამის შემდეგ ელჩების კომიტეტის დასტურის გარეშე გატანილ საკითხს მხარი არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭომ დაუჭირა.

სწორედ იმის გამო, რომ ელჩების კომიტეტის დასტური არ არსებობდა, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი არც საგარეო საქმეთა მინისტრების 20 ივნისის შეხვედრაზე ამყარებდა იმედს. როგორც ექსპერტი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მინისტრების გადაწყვეტილებისთვის სათანადო საფუძველი არ იყო მომზადებული: „COREPER II–ის ფარგლებში საკითხის წარმატებით განხილვა წარმოადგენს მისთვის მწვანე შუქის მიცემას. თუკი COREPER II გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ უკვე საბჭოს ფორმატში საკითხი აღარ საჭიროებს განხილვას და მას პირდაპირ უყრიან კენჭს. თუკი COREPER II–მა, ანუ ელჩების კომიტეტმა, მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნები შეთანხმდნენ“.

ამჟამად მოქმედი კალენდრის თანახმად, ივნისსა და ივლისში COREPER II–ისა და ევროკავშირის საბჭოს არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი. კონკრეტულად რომელი და როდის განიხილავს საქართველოს საკითხს, ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ რადგანაც, ფედერიკა მოგერინის სიტყვების მიხედვით, საკითხის ელჩების კომიტეტის დღის წესრიგში ჩასმა ჰოლანდიას დაევალა, ეს ქვეყანა კი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე მხოლოდ 1 ივლისამდე იქნება, შესაბამისად, არცთუ შორეულ პერსპექტივებზე უნდა იყოს ლაპარაკი.

მაგრამ ერთია საკითხის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის მიერ განხილვა და მეორეა დადებითი გადაწყვეტილების მიღება. როგორც ცნობილია, არსებობენ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები და ამ სიაში, უპირველეს ყოვლისა, გერმანია სახელდება. მართალია, 15 ივნისს ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ დაიმსახურა სავიზო ლიბერალიზაცია და გერმანია ევროკომისიას არ შეეწინააღმდეგებაო, მაგრამ იმავე პრესკონფერენციაზე მკაფიოდ ითქვა ისიც, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების“ მექანიზმის დამტკიცების შემდეგ გახდება შესაძლებელი. შეჩერების მექანიზმის გამარტივებული ვარიანტი, რომელიც ამჟამად მოქმედი ვადების შემცირებასა და პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად, ამ ეტაპზე ევროპარლამენტში განიხილება და, წინასწარი ინფორმაციით, სექტემბერზე ადრე ვერაფრით ვერ დამტკიცდება. შესაბამისად, ვერც ერთი ლოგიკური გათვლით ვეღარ მოესწრება საქართველოს საკითხის ზაფხულში გატანა ევროპარლამენტის სხდომაზე. გასათვალისწინებელია, რომ, საზაფხულო არდადეგების გამო, ევროპარლამენტის პლენარული სხდომები აღარ გაიმართება 8 ივლისიდან 12 სექტემბრამდე.

ამ ჭრილში საგულისხმო იყო კომენტარი, რომელიც 20 ივნისს ლუქსემბურგში გააკეთა ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე. მან შეახსენა ყველას, რომ პროცესის გაჭიანურება ევროკავშირის ავტორიტეტსაც ემუქრება:

„როგორც მოვისმინე, რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება ამ საკითხის გადაწყვეტას, ვიდრე არ დავამტკიცებთ „სწრაფი შეჩერების“ მექანიზმს. მაგრამ აქ აუცილებელია გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ შეირყეს ნდობა ევროკავშირის მიმართ. განსაზღვრული იყო სრულიად მკაფიო პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში საქართველოს უნდა მიეღო სავიზო ლიბერალიზაცია. ეს პირობები შესრულებულ იქნა და ახლა ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი პირობა – თუნდაც ჩვენივე სანდოობის დასადასტურებლად“.

20 ივნისს განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ აქტუალური ხდება შეკითხვა – მოესწრება თუ არა საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის დაგვირგვინება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი აქვს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საკმაოდ რთული იქნება ევროსტრუქტურებში ამ საკითხის ლობირება და ამაზე დიდი ძალების დახარჯვა წინასაარჩევნო ციებ-ცხელების დროს, ხოლო, არასათანადო ლობირებისა და აქტიურობის შემთხვევაში, შესაძლოა პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გადავადდეს.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

იტვირთბა....