ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ფართომასშტაბიანი წვრთნები გააკრიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ფართომასშტაბიანი წვრთნები გააკრიტიკა. მისი თქმით,  წვრთნები, რომელიც მიმდინარე თვეში დაიწყო, პროდუქტიული არ არის, არც რეგიონის უსაფრთხოების მეტად გაზრდა შეუძლია და მხოლოდ რუსეთთან ვითარების გამწვავებას გამოიწვევს.

შტაინმაიერმა აღნიშნულის შესახებ „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მან ნატო-ს სამხედრო ალიანსს წვრთნების რუსეთთან მოლაპარაკებით, დიალოგითა და ურთიერთთანამშრომლობით ჩანაცვლება სთხოვა.

„ის, რაც ახლა არ უნდა გავაკეთოთ, ეს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაა. მცდარია წარმოდგენა, თითქოს აღმოსავლეთ ევროპაში ტანკებისა და სხვა სამხედრო შეიარაღების აღლუმი რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ მივიღეთ მკაფიო რჩევა, არ წავიდეთ კონფრონტაციაზე“, – განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო სწავლებაში შეიარაღებული ძალების 31 ათასი წარმომადგენელია ჩართული, მათ შორის 14 ათასი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 12 ათასი – პოლონეთიდან და ათასი გაერთიანებული სამეფოდან. წვრთნები მომავალი აგრესიისთვის სათანადო პასუხის გასაცემად ნატო-ს სამხედრო მზაობის შესამოწმებლად 2 წელიწადში ერთხელ ეწყობა. თუმცა კრემლის განცხადებით, მის საზღვართან ახლოს მყოფი ნატო-ს შეიარაღებული ძალები ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

იტვირთბა....