“გაზპრომსა” და ქართულ კომპანია “გაზკოს” შორის კონტრაქტი გაფორმებული არ არის.-ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცე პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, „გაზპრომთან“ კონტრაქტი დიდი ალბათობით, ვერც გაფორმდება. როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ეს კომერციული ურთიერთობებია, რომელშიც სახელმწიფო ჩართული არ არის:
“მეც ეს ყველაფერი შევიტყვე ღია საინფორმაციო წყაროებიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონტრაქტი არ არის გაფორმებული და ძალიან დიდი ალბათობით, ალბათ, ვერ გაფორმდება. თუმცა, ვიმეორებ, რომ არის კომერციული ურთიერთობები, რომელშიც არ ვართ ჩართულები – მე პირადად არ ვარ ჩართული, მგონია, რომ არც ენერგეტიკის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარიგება არ არის დახურული. რაც შეეხება საფრთხეებს, ნაადრევია საუბარი იმაზე, შეიცავს თუ არა ეს კონტრაქტი საფრთხეებს, ვინაიდან კონტრაქტი ნანახი არ გვაქვს; მიზნები არ ვიცით; არ ვიცით, სად შეიძლება მიემართოს ეს გაზი, თუ საერთოდ ასეთი კონტრაქტი შედგა”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს “სოკარისგან” მოწოდებული გაზი სრულად აკმაყოფილებს.

