სამთავრობო ბლოგერი და დამსმენი ილია რემესლო რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ საქმეზე დააკავეს | დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზას” ინფორმაციით, მას სისხლის სამართლის საქმე Telegram-არხის პოსტების გამო აღუძრეს.
ადვოკატის განცხადებით, რემესლო მოსკოვში გადაჰყავთ, სადაც მას აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. ბლოგერი სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს.
რემესლო კრემლის პროპაგანდისტი იყო და ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე, სწორედ მისი დასმენის საფუძველზე აღიძრა.
მარტში რემესლომ პუტინი გააკრიტიკა და ომის გაჩაღებაში, რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებაში, ინტერნეტსა და მედიაში ცენზურის დაწესებაში, ხელისუფლების მიტაცებასა და ოპოზიციის განადგურებაში დაადანაშაულა.
პუბლიკაციიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ რემესლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც ის 1 თვეში გამოვიდა და ქსენია სობჩაკს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
მან ისაუბრა თავის ჰოსპიტალიზაციაზე, პოლიტიკური პოზიციის შეცვლაზე, კრემლზე მუშაობის პერიოდში მიღებულ შემოსავლებსა და ნავალნისთან ბრძოლაზე.

