ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება: ავტომობილების ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება

სექტემბრიდან თბილისში ავტომობილების ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება. ამის შესახებ განცხადება “რადიო კომერსანტის” ეთერში თბილისის მერმა დავით ნარმანია გააკეთა.

„ჩვენი წინამორბედების მიერ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი არის ძალიან კაბალური, რომელიც აბსოლუტურად ერთი კომპანიის ინტერესებზეა მორგებული. შესაბამისად, ეს კომპანია უფრო მეტ შემოსავლებს იღებს, ვიდრე ქალაქის ბიუჯეტს რჩება და სხვას არ აქვს შესაძლებლობა შევიდეს ამ ბიზნესში,“– განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ მერია ცდილობს,  გონივრული ცვლილებები შეიტანოს ამ კონტრაქტში და ამაზე დაიყოლიოს კომპანია. თუმცა ეს რთულია, რადგან, როგორც ნარმანია ამბობს, „როცა მერიას აქვს ხელი მოწერილი და მათი სამართალმემკვიდრე ჩვენ ვართ, ვერაფერს ვერ დავამტკიცებთ სასამართლოში. ამიტომ სასამართლოში წასვლას აზრი არ აქვს.“

დავით ნარმანიას თქმით, “სითი პარკს” ქალაქში არანაირი ინვესტიცია არ გაუკეთებია გარდა იმისა, რომ „იყიდეს საღებავი და დადგეს ნიშნები.“

„რაც ყველაზე მეტად სამარცხვინოა, ისაა, რომ სითი პარკისთვის ტროტუარებზე პარკირების ადგილებიც კი გადაცემული აქვთ და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ფეხით სასიარულო ადგილებზე დღეს ავტომობილები დგას. როდესაც ჩვენ ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ასეთი 2 ათასზე მეტი ადგილი იყო. ასეთი 500 ადგილი ჩამოვართვით „სითი პარკს“ და დავუბრუნეთ ფეხით მოსიარულეებს. ვგეგმავ, რომ ამ ზაფხულისთვის დანარჩენი 1500-იც ჩამოვართვათ და სექტემბრისთვის ქალაქის ტროტუარები გავათავისუფლო ავტომანქანებისგან. ეს, ბუნებრივია, ავტომობილების მფლობელთა გულისწყრომას გამოიწვევს: როცა ერთ კარგ საქმეს აკეთებ, იმას საპირისპირო უკმაყოფილება მოყვება, მაგრამ მინდა მოვუწოდო მძღოლებს, გაგებით მოეკიდონ ამას, რადგან ტროტუარზე მდგარი ავტომანქანა არის საფრთხე – როცა ავტომანქანები ტროტუარზე გადადგილდებიან და იქვე მოძრაობენ ფეხით მოსიარულეები, რა თქმა უნდა, ესაა მომეტებული რისკის ზონა. ჩვენ, როგორც ქვეყანა, ისე ქალაქი, დასავლური გზით მივდივართ და დასავლეთში უპირატესობა ენიჭება ადამიანს და არა ავტომობილს. მოვუწოდებ „სითი პარკს“, ალტერნატიული პარკირების ადგილები გააჩინოს,“ – განაცხადა ნარმანიამ.

იტვირთბა....