სოფელ ბობოყვათის მოსახლეობამ, პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა გადაკეტა. მათი უკმაყოფილება ავტობანის მშენებლობამ გამოიწვია. როგორც მოსახლეობა ამბობს, მშენებლობის გამო, სატვირთო მანქანების გადაადგილება გახშირდა და გზის სავალი ნაწილი დაზიანდა.
„ყოველდღიურად ათობით მანქანა დადის და გზა გაუვალი გახდა. ჩვენ ავტობანის აშენების წინააღმდეგები კი არ ვართ, გვინდა სოფელთან მისასვლელი გზა, როგორიც იყო, ისეთი გახდეს ისევ. ვერ გაუძლო ამხელა მანქანების გატარებას და წვიმის დროს საერთოდ გავლა შეუძლებელია“, – აცხადებენ ადგილობრივები.
ისინი ავტობანზე სოფელ კვირიკედან სამანქანე ასასვლელის და ჩამოსასვლელის გაკეთებასაც მოითხოვენ. მოგვიანებით მათ ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე შეხვდა და დაჰპირდა, რომ გზის რეაბილიტაციას მშენებელი კომპანია განახორციელებს.
აჭარაში 48,4 კმ სიგრძის სარფი-ბათუმი-ქობულეთის ავტობანი, აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით, 500 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში შენდება. ავტობანის მშენებლობას, კომპანია „სინო ჰიდრო“ ახორციელებს.