მართლმადიდებელი თეოლოგები საქართველოს ეკლესიის ღია წერილით მიმართავენ და კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ “წმიდა და დიდ კრებაში” მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ ხვალ, 10 ივნისს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა უარს იტყვის 16-26 ივნისს, დაგეგმილი კრებაში მონაწილეობაზე. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
მხარდაჭერა წმინდა და დიდ კრებას!
„მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელი ეკლესიის თანხმობით გადაწყვიტეს […]” (საქმე 15,22).
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ და ყოვლადუსამღვდელოესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრნო მღვდელმთავარნ
დიდ ხანია, თვალს ვადევნებთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელ პროცესებს იმ იმედით, რომ ის დაამოწმებს მსოფლიოში ადგილობრივი ეკლესიების თანაზიარებას სარწმუნოებრივ და სიყვარულისმიერ ერთობაში.
სამწუხაროდ, ამ კეთილშობილურ წამოწყებას, იმთავითვე, თან სდევს მრავალი დაბრკოლება. მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ კუთხით განვითარებული მოვლენები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს წმინდა და დიდ კრებაში, რომელიც ამა წლის 16-27 ივნისს, კუნძულ კრეტაზე, საბერძნეთში გაიმართება.
ჩვენი ვარაუდის გამართლების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სრულ იზოლაციაში მოიქცევს თავს არა მხოლოდ სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან, არამედ თვით მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახთან მიმართებაშიც.
რამდენადაც გააზრებული გვაქვს ამ პერსპექტივის უკიდურესად ნეგატიური შედეგები, გთხოვთ და მორჩილად მოგიწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს, არ დაუშვათ მსგავსი პრეცედენტი და არ მიიყვანოთ საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესია სრულ იზოლაციამდე.
სამწუხაროდ, მართლმადიდებელი ეკლესიის მისწრაფება, თანამედროვე მსოფლიოში წარმოჩნდეს როგორც „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია” და ერთსულოვანი პასუხი გასცეს თანამედროვე გამოწვევებს, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვადასხვა ფუნდამენტალისტური დაჯგუფებების მხრიდან შეფერხების და კრიტიკის საგანი ხდება.
გამონაკლისს არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს. წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ კრების მოსამზადებელ შეხვედრებთან დაკავშირებით, ასევე უშუალოდ წმინდა და დიდი კრების თაობაზე მწირი ინფორმაცია ან, უმთავრესად, უარყოფითი დამოკიდებულება ვრცელდებოდა. ამ პროცესში „დიდი წვლილი” მიუძღვის ექსტრემისტულ და ფუნდამენტალისტურ დაჯგუფებებს ან საკითხში გაუცნობიერებელ სასულიერო თუ საერო პირებს. მათი აქტიურობისა და პოზიციების საწინააღმდეგოდ საქართველოს საპატრიარქომ, წლების განმავლობაში, არაფერი მოიმოქმედა, პირიქით, ის ხშირად სწორედ მათ წისქვილზე ასხამდა წყალს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს ორი ძირითადი პოლუსი კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოების სახით. საქრთველოს ეკლესიის მხრიდან წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმა, საქართველოს ეკლესიაზე მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის დადასტურება და გაძლიერება იქნება, – გავლენა იმ საპატრიარქოსი, რომელიც, როგორც ცნობილია, კრემლის პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს.
II
2016 წლის 25 მაისს წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი სინოდის მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული „წმინდა სინოდის სხდომის ოქმი” არასაკმარისად არგუმენტირებულ დადგენილებებს შეიცავს. რამდენადაც კრების სამუშაო დოკუმენტების თეოლოგიური ანალიზისთის ამ წერილის ფორმატი შეუსაბამოა, წარმოგიდგენთ იმ საკითხების მოკლე შეფასებას, რომელთაც არ ვეთანხმებით.
წმინდა სინოდის ბოლო დადგენილება ძირითადად სამ დოკუმენტს ეხება.
- დოკუმენტი – „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” საჭიროებს შესწორებას. კერძოდ, ქვეთავის „ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები” მე-5 მუხლის “ა” პუნქტი. „ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზების” მე-2 ნაწილის მე-5 მუხლის „ა” პუნქტში ვკითხულობთ: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”.
საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია:
“აღნიშნულ მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი)”, ხოლო მეორე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ, რომ “თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”, უნდა იქნეს ამოღებული, რადგან იგი უპირისპირდება VI მსოფლიო კრების 72-ე კანონს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოს ან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი”.
ამ კონტექსტში ეს უკანასკნელი წინადადება ერთობ გაუგებარი და ბუნდოვანია, ვინაიდან სიტყვა „ნებისმიერი” („ნებისმიერი კანონი”) სრულიად ზედმეტია. ცნობილია, რომ დაუშვებელია მხოლოდ დოგმატური დადგენილების (ოროსის) შეცვლა, ხოლო დისციპლინარული და სხვა სახის საორგანიზაციო კანონები თავისუფლად შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებას, რაც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არაერთხელ განხორციელებულა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეისათვის საქართველოს საზღვრებს მიღმა 7 ეპარქიასა და 90-მდე სამრევლოს მოიცავს, – მათი უმრავლესობა დასავლეთ ევროპასა და ამერიკაშია. მრევლის ნაწილი სწორედ არამართლმადიდებელ ქრისტიანებზე ქორწმინდება. ეს რეალობა მათ ხშირად აიძულებთ, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში დაიწერონ ჯვარი ან სრულიად დატოვონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რადგან საქართველოს საპატრიარქოს ამ საკითხთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია აქვს. სავარაუდოა, რომ ჩვენი ეკლესიის ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია შიშით, ხელი არ შეუწყოს ეთნიკურად ქართველების ასიმილაციას სხვა ეთნოსებთან და ფიქრობს, ამ სახის შეზღუდვით შეაფერხოს მსგავსი ქორწინებები. სანუგეშოდ უნდა აღინიშნოს, რომ უცხოეთის ქართულ მართლმადიდბელურ სამრევლოებში ხშირად ინათლებიან შერეული რელიგიური მრწამსის წყვილთა შვილები.
2) დოკუმენტთან “მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”: მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად”, მიმართებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაა, რომ ამოღებულ იქნას ფრაზა, “ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის”, რადგან იგი მრავალგვარი გაგების საშუალებას იძლევა.
ვფიქრობთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს ამ საკითხის კიდევ ერთხელ გადახედვა მართებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს შესწევს უნარი, განასხვავოს და გამიჯნოს ცოდვა და ადამიანი – ადამიანი როგორც უმაღლესი ფასეულობა, ხოლო ცოდვა, როგორც ადამიანში სხვადასხვა სახით არსებული მანკიერება (“არა არს კაცი რომელი სცხონდეს და არა სცოდოს”).
აქვე ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ვსაუბრობთ არა ცოდვის შეწყნარებაზე, არამედ მისი აღმოფხვრის არასწორ მეთოდზე. დისკრიმინაციული, უთანსწორო მოპყრობა დაუშვებელია არა მხოლოდ რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური და გენდერული, არამედ ყველა სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანის მიმართ, მით უფრო ქრისტეს სახელით, რაკიღა დისკრიმინაცია არ შეიძლება იყოს ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი!
3) დოკუმენტი “ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი”, როგორც ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. შესაბამისად, სინოდის კრებაზე აღინიშნა, რომ ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა მხოლოდ ტექსტში შეტანილი შემდეგი შესწორების თანახმად: „საქართველოს და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, პირველი მათგანი 1997 წელს, ხოლო მეორე – 1998 წელს, რადგან მათ თავისი საკუთარი აზრი აქვთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში”.
მართლაც, 1997 წლის 20 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებით დავტოვეთ ეკუმენური ორგანიზაციები, რის შედეგადაც სხვა ქრისტიანული ეკლესიებისგან იზოლირებულნი აღმოვჩდით.
როგორც ცნობილია, ეკლესიის ეს ნაბიჯი რამდენიმე ანტიეკუმენურად განწყობილი ბერმონაზვნის აჯანყებისა და საბოლოოდ, საეკლესიო განხეთქილების შიშით იყო განპირობებული. ანტიეკუმენურად განწყობილი სასულიერო პირების პროპაგანტისტული საქმიანობისა და ფსევდოთეოლოგიური ლიტერატურის მასობრივად გავრცელების შედეგად, საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში წარმოაშვა და გაძლიერდა სხვა კონფესიებისადმი შეუწყნარებლობის მძიმე პრობლემა. ვისურვებდით, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაახლოს მოცემულ საკითხზე თეოლოგიური დისკუსია და ამ მიმართულებით დაიწყოს სწორი, ჯანსაღი, ქრისტიანული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის შეფასებაში არ არის ნათლად წარმოდგენილი, კონკრეტულად, რომელ ტერმინოლოგიურ ან ეკლესიოლოგიურ ცდომილებებს გულისხმობს დოკუმენტი „ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი”. მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ თეოლოგიურ დიალოგებში მონაწილეობისა და დოკუმენტების ხელმოწერისა (იგივე ქალკედონამდელ ეკლესიებთან გაფორმებული ოფიციალური დოკუმენტები), ბოლო ათეული წლებია, ეკლესიაში ეს მოვლენები საფუძვლიანად არც შესწავლილა და არც გაანალიზებულა. პირიქით, ხდება ამ უმნიშვნელოვანესი თემატიკის სრული მარგინალიზაცია, მიჩქმალვა და დაფარვა. მაგალითად, ექსტრემისტული ჯგუფების მზარდი აგრესიის გამო, არასოდეს ხმაურდება ინფორმაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან ოფიციალურ საღვთისმეტყველო დიალოგში მონაწილეობის შესახებ.
სავარაუდოდ, ხსენებულ საკითხზე სინოდის პოზიციის განმსაზღვრელი გახდა ბატონი ედიშერ ჭელიძის მოსაზრებები, რომელიც ამ დღეებში ოფიციალურად გამოქვეყნდა წერილის სახით სათაურით: “წმინდა და დიდი კრებისწინა დოკუმენტის განხილვა: ‘მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი'”. გვსურს მოკლედ შევეხოთ ხსენებულ ტექსტში წარმოდგენილ პოზიციებს. ავტორის თანახმად, დაუშვებელია, როცა „ტერმინი ‘ქრისტიანი’ თანაბრად გამოიყენება არა მხოლოდ ‘ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებლის’ ანუ მართლმადიდებლის, არამედ – ნებისმიერი არამართლმადიდებელი ქრისტიანის მიმართ”. თეოლოგიური წიაღსვლები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გამართლებული ქრისტიანული კონფესიების მიმდევართა „ქრისტიანად” ცალკე კვლევის თემაა და ვეცდებით უახლოეს მომავალში წარმოვადგინოთ იგი. აქ კი მკაფიოდ უნდა ითქვას შემდეგი: იმ შემთხვევაშიც, თუ მართლმადიდებელი სხვა ქრისტიანს არ აღიარებს ქრისტიანად (მისაღები თუ მიუღებელი მიზეზით), მაინც ასეთნაირად უნდა მოიხსენიოს ის, რადგან სწორედ ასეთია მისი თვითდასახელება. ამას ელემენტარული კულტურა და ეტიკეტი მოითხოვს. სრულიად წარმოუდგენელია, ეკლესია, დიალოგის პროცესში, მსჯელობდეს ურთიერთდაპირისპირების სულით და ისეთ ნეგატიურ, დამაკნინებელ ტერმინებს იყენებდეს, როგორსაც ბატონი ჭელიძე გვთავაზობს: “ცრუქრისტენი”, იგივე “ქრისტემტყუვარნი” (ψευδόχριστοι), “ცრუქრისტიანები” (ψευδοχριστιανοί ფსევდოქრისტიანები), “ერეტიკოსები” (αἱρετικοί) და ა. შ.
ამავე წერილში, პროფესორი ჭელიძე წერს: „დოკუმენტში არაერთგზისაა ხაზგასმული და მოწონებული ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია “მონაწილეობდა ეკუმენურ მოძრაობაში მისი დაწყებიდანვე და წვლილი შეჰქონდა მის ფორმირებასა და შემდგომ განვითარებაში” (პუნქტი 4; შდრ. აგრეთვე, პუნქტები: 5, 7, 16 და სხვ.), მაშინ როცა შვიდი მსოფლიო კრება გმობს არამართლმადიდებლებთან რაიმე სახის გაერთიანებას”.
ფაქტია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიები ეკუმენურ მოძრაობაში აქტიურად თანამონაწილეობენ (1997 წლიდან საქართველოს და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიების გამოკლებით). ავტორის მსჯელობიდან გამომდინარე, ეკუმენურ მოძრაობაში ამჟამად ჩართული ყველა მართლმადიდებელი ეკლესია შვიდი მსოფლიო კრების გმობას ექვემდებარება, რადგან ისინი ქრისტიანთა ერთობისა და სოლიდარობისთვის იღვწიან. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, წინამდებარე მიმართვის ფორმატი და მოცულობა ამ, ჩვენი აზრით, მართლმადიდებლური თეოლოგიისათვის შეუსაბამო ტექსტის დაწვრილებით განხილვის შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა უახლოეს მომავალში, წარმოვადგენთ ბატონი ედიშერ ჭელიძის მოსაზრებების უფრო დაწვრილებითი სახის აკადემიური კრიტიკას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო კრებაზე გამოითქვა აზრი, რომ შეიქმნას თეოლოგთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რიგ საღვთისმეტყველო საკითხებთან (მათ შორის კრებასთან) დაკავშირებით თავის წინადადებებს წარუდგენს სინოდს. კარგი იქნება, ეს საკითხი მხოლოდ სიტყვიერ შეთავაზებად არ დარჩეს და ინიციატივამ რეალური განვითარება ჰპოვოს.
წერილის ბოლოს, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ წმინდა და დიდ კრებაში. იქიდან გამომდინარე, რომ კარგად გვესმის ამ მოვლენის მნიშვნელობა მართლმადიდებლური სამყაროსა და მთლიანად მსოფლიოსათვის, დიდი მოლოდინით და იმედით ველით მას და გვჯერა, რომ წმინდა სული და შეკრებილ მამათა სიბრძნე სასურველი შედეგით დაასრულებს ამ წამოწყებას. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ კრების გამართვას და ვილოცებთ მისი სათანადოდ წარმართვისათვის, რათა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ისევე როგორც ეკლესიის მამებმა შესაბამისი პასუხი გასცენ მართლმადიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შეკითხვებს.
მოგვიხსენეთ თქვენს წმინდა ლოცვებში.
გივი ლომიძე, თეოლოგიის დოქტორი, ჰაბილიტანტი.
ზურაბ ჯაში, თეოლოგიის ისტორიის დოქტორი.
დავით თინიკაშვილი, ეკლესიის ისტორიის დოქტორი.
ერეკლე თურქაძე, თეოლოგიის მაგისტრი.
ირაკლი ცხადაძე, რელიგიის სოციოლოგიის მეცნიერების დოქტორანტი.
შოთა კინწურაშვილი, თეოლოგიის მაგისტრანტი.
გიორგი ხიმშიაშვილი, თეოლოგიის მაგისტრანტი.
შალვა ჯიხვაძე, თეოლოგიის მაგისტრანტი.
კახა გოგიშვილი, თეოლოგიის დოქტორანტი.
ბექა მინდიაშვილი, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული.
მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის დოქტორანტი.
გრიგოლ ჭეჟია, თეოლოგიის მაგისტრანტი.
ვახტანგ კოკოლაშვილი, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
“მეტრონომი” საპატრიარქოს დაუკავშირდა. პატრიარქის მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, დღეს ეკლესიის წმინდა სინოდი სხდომას გამართავს, სადაც კრეტაზე დაგეგმილ “წმიდა და დიდ კრებაში“ დასწრების საკითხს განიხილავს. სწორედ ამის შემდგომ გახდება ცნობილი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური პოზიცია.