საზოგადოება

„გვარამიამ მარტის კატას რომ შემადარა, შეურაცხყოფა მომაყენა“

X Factor-ის მენტორმა ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ კონცერტზე სოფო ნიჟარაძის გუნდის წევრის, კონკურსანტ გიგი ადამაშვილის სიმღერა “მარტის კატის” კნავილს შეადარა.

ამ თემაზე გიგი ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა:

“ნიკა გვარამიამ ორი სკამის კონკურსზეც მომცა შენიშვნა და მივიღე კიდეც. მისგან ბევრი დადებითი შეფასება და თბილი მოპყრობაც მახსოვს. საერთოდ, კრიტიკას ვიღებ, მაგრამ შეურაცხყოფას ვერასოდეს ვერავისგან მოვითმენ.

ნიკა გვარამიამ მარტის კატას რომ შემადარა, ამით შეურაცხყოფა მომაყენა. ჩემზე გაცილებით უფროსი ადამიანია. მე კი ჯერ კიდევ ბავშვი ვარ, ამიტომ მისი მხრიდან არასწორი საქციელი იყო.

ყველა მომღერალი თავის ჟანრში მღერის. ნიკას შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ ჩემს სიმღერაში ერთი და იგივე მობეზრდა, ან შესრულება არ მოეწონა, მაგრამ მან შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა. ალბათ თავი ვერ გააკონტროლა. ყველას მოგვდის შეცდომა, თუმცა მისგან ასეთ მოპყრობას ვერ “გავატარებ”.

 რას აპირებ?

– შეურაცხყოფის სანაცვლოდ დუმილს ვამჯობინებ. დარწმუნებული ვარ, თვითონაც ხვდება, რომ მისი შეფასება გადამეტებული იყო. პროექტის გარეთ ძალიან კარგი ადამიანია. იმ შეფასების მერე ერთმანეთს შევხვდით და მოვიკითხეთ, მაგრამ მასზე ნაწყენი ვარ.

ის არ არის 17 წლის ბიჭი, რომ შეცდომას ვერ მიხვდეს. ხომ შეიძლება ასეთი შეფასების მერე ადამიანი შეგძულდეს, მაგრამ ჩემგან ასეთი რამ შორსაა. ჩემი მენტორი სოფო ნიჟარაძეც ძალიან გაბრაზდა ნიკაზე და ეს პირდაპირ ეთერშიც გამოჩნდა.“ – ამბობს ადამაშვილი ჟურნალ „სარკესთან“.

იტვირთბა....