აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ვაშინგტონ პოსტი“ – პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე რამდენიმეკვირიანი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება

პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე რამდენიმეკვირიანი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი და საზღვაო ქვეითი ახლო აღმოსავლეთში ჩადის, რაც შესაძლოა, ომის ახალ სახიფათო ფაზად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესკალაციას გადაწყვეტს. თუმცა, წყარობის ინფორმაციით, ნებისმიერი პოტენციური სახმელეთო ოპერაცია სრულმასშტაბიან შემოჭრის მასშტაბის არაა.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა, გეგმა სპეცრაზმისა და ქვეითი ჯარისკაცების რეიდებს, მათ შორის წერტილოვან დარტყმებს მოიცავდეს.

ანონიმური წყაროების ცნობით, სამხედრო გეგმები უკვე კვირებია, მუშავდება. გამოცემის ცნობით, ასეთმა მისიამ შესაძლოა, აშშ-ის პერსონალი მთელი რიგი საფრთხეების წინაშე დააყენოს, მათ შორის ირანული დრონებისა და რაკეტების, ასევე, სახმელეთო ცეცხლისა და იმპროვიზებული ასაფეთქებელი ნივთიერებების. თუმცა, „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი პენტაგონის გეგმას.

გამოცემის ცნობით, ბოლო თვის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული დიკუსიები კუნძულ ხარგის შესაძლო დაკავებასაც შეეხო, რომელიც ირანისთვის სპარსეთის ყურეში ნავთობის ექსპორტის მთავარი ჰაბია. აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ჰორმუზის სრუტის მახლობლად სხვა სანაპირო რაიონებში რეიდების ჩატარებას, რათა აღმოაჩინონ და გაანადგურონ ისეთი იარაღი, რომელსაც კომერციული და სამხედრო გემების მიზანში ამოღება შეუძლია. წყაროების პროგნოზები განსხვავებულია, ერთ-ერთი ოფიციალური პირი ვარაუდობს, რომ ამ მიზნების მიღწევას „არა თვეები, არამედ კვირები“ დასჭირდება, სხვა წყაროს პოტენციური ვადა კი „რამდენიმე თვეა“.

იტვირთბა....