ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

ქიბარ ხალვაშის მხარე სააპელაციო სარჩელზე უარს ამბობს

ქიბარ ხალვაში უარს ამბობს თავის სააპელაციო სარჩელზე “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მოსამართლეთა კოლეგია იხილავს საჩივარს, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს.

დღევანდელ სხდომაზე ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ შუამდგომლობა სასამართლოში წუხელ შეიტანა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის თავის აპელაციაზე უარს ნაწილობრივ ამბობდა, თუმცა დღეს განაცხადა, რომ სრულად ამბობს უარს:

“ვესაუბრე ჩემს მარწმუნებელს,” – განაცხადა სალიამ.

ქიბარ ხალვაშს გასაჩივრებული ჰქონდა სააპელაციო წესით ურთმელიძის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელით მოთხოვნილი შემდეგი საკითხები:

ქიბარ ხალვაში აღიარებულ იქნას სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის არსებული შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ლოგოს ავტორად;

ზიანის ანაზღაურება 18 მილიონი ლარის ოდენობით.

ხალვაშის მხრიდან სააპელაციო სარჩელზე უარი ნიშნავს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის პროცესის ვადა შემცირდა, რადგან სასამართლომ უნდა მოისმინოს მხოლოდ პაატა სალიას შესაგებელი სიტყვა და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

 

იტვირთბა....