ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“, პარტია „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლალი მოროშკინამ პარტიის მიზნების შესახებ დეტალურად ისაუბრა:
„ჩემ წიგნთან ერთად მქონდა ტურნე რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. ფაქტობრივად თვითმფრინავიდან ვარ აქ მოხვედრილი, ბატონმა თამაზმა დამირეკა. „
„როცა თამაზ მეჭიაური საუბრობს, ასე მგონია ჩემ აზრებს კითხულობს. ზუსტად ვიცი რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ასე ფიქრობს. „
„სამართლიანობის აღდგენა მთავარია, რამაც ეს გუნდი გააერთიანა. „
„მივხვდით, რომ 9 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ვერ გააკონტორლებს სიტუაციას და სხვადასხვა ძალები არევენ სიტუაციას. საქართველომ 9 ოქტომბერს შეიძლება გაიღვიძოს და ომის სუნი ეცეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს იზამს სიტუაციის არევისთვის, ამიტომ ჩვენ შემოვალთ პოლიტიკურ ასპარეზზე, სადაც ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ დანახვაზე არავის მოუნდება სიტუაციის არევა. „
„ალბათ ბატონო თამაზის სურვილი იყო, რომ ლევან ვასაძეს რამე სახით ეთანამშრომლა ჩვენთან. „
„გაცილებით დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის იდეის ერთგულნი და არიან დღესაც, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მეჭიაურთან რეკავენ და ეხვეწებიან, გადმოვალ თქვენთანო, ის ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი წევრები არიან. „
„ქვეყანაში სამართლიანობა ვერ აღდგა, „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა დეპუტატმა მალე უნდა აგოს პასუხი. სამარცხვიოა, რომ ეს „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გააკეთა. ჩვენ დავდგებით იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც აუწიოკეს ოჯახები. „-განაცხადა ლალი მოროშკინამ.
ინგა გრიგოლიამ ეთერის მსვლელობისას განაცხადა, რომ დაუკავშირდნენ ლევან ვასაძეს, რომელმაც განაცხადა, პოლიტიკაში არ ერევა და კითხვაზე, მიიღებს თუ არა მეჭიაურის შემოთავაზებას, კომენტარს არ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თამაზ მეჭიაურმა ახალი პარტია „თამაზ მეჭიაური- ერთიანი საქართველოსთვის“ წარადგინა, სადაც სანდრო ბრეგაძე, ლალი მოროშკინა, ჯემალ სეფიაშვილი და მოკლული ამირან რობაქიძის დედა, ია მეტრეველი არიან გაწვერიანებული.
თამაზ მეჭიაურმა ლევან ვასაძეს თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

