„რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესი დასრულდა, მორიგი სხდომა კი 7 ივნისს 10 საათზე განახლდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლეთა კოლეგიამ დარბაზიდან „რუსთავი 2-ის“ ორი წარმომადგენელი, თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი გააძევა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა, იმის შესახებ, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს საქმე აეცილებინა, არ დააკმაყოფილა.
ამ ამბის შემდეგ არხის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა სხდომის გადადება მოითხოვა, რომელიც მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. მოგვიანებით, მოსარჩელე მხარემ, პაატა სალიამ სააპელაციო სარჩელი წარადგინა, რომელიც ასევე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ზაზა ბიბილაშვილმა და პაატა სალიამ იკამათეს.
დღევანდელ სხდომაზე არ იმყოფებოდა „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ის წინა სხდომაზე სასამართლომ დარბაზიდან გააძევა, დღეს კი სხდომაზე აღარ დაუშვა. როგორც ადვოკატები და ნიკა გვარამია ამბობს, ამის მიზეზი მათთვის გაუგებარია.

