ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მზად არის “მაესტროს” უფლებამოსილება შეწყვეტილი თანამშრომლების საქმე პარლამენტის კომიტეტმა განიხილოს.
“მე მაქვს ინფორმაცია მხოლოდ მედიით გავრცელებული, თუ ჩვენთან იქნება მომართვა, ეს არის პროცედურა, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მზად ვარ ამ საკითხებზე უფრო დეტალურად შევიდე, შევისწავლო, შევხვდე ამ ადამიანებს. თუ რა თქმა უნდა აქვთ ამის სურვილი, ეს მათი არჩევანი და დისკრეციაა.
რაც შეეხება შრომით დავებს ეს სასამართლოს პრეროგატივაა, კანონიერია თუ არა გადაწყვეტილება ამას სასამართლო ადგენს ბუნებრივია და არა პარლამენტი, მაგრამ თუ სურვილი ექნებათ ამ ადამიანებს, რომ უფლებრივი კუთხით ჩვენც შევისწავლოთ ეს ფაქტები, რასაკვირველია, როგორც ყველა ფაქტს და ვინც არ უნდა იყოს მომმართველი კომიტეტი გულისხმიერად და ყურადღებით მოეკიდება“.- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, 31 მაისს ტელეკომპანია „მაესტროს” დირექტორის, ზურაბ ნაყეურის გადაწყვეტილებით, „მაესტროს” წამყვანი და პროექტების – საქმიანი დილის, ბიზნესკონტაქტისა და ანალიტიკის ავტორი გიორგი ისაკაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. ისაკაძის გათავისუფლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, „მაესტრომ” უფლებამოსილება შეუჩერა იმავე პროექტებში მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტს, რის მიზეზადაც დასახელდა ჟურნალისტების მონაწილეობა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ტოქ-შოუ „არჩევანში.” იმავე დღეს უფლებამოსილება შეუჩერდა „მაესტროს” 32 თანამშრომელს, რომელიც არხზე გიორგი ისაკაძის დაბრუნებას ითხოვდნენ.