ბიძინა ივანიშვილმა რადიო „თავისუფლების“ გადაცემა “ინტერVIEW”-ში მინისტრების და ყოფილი პრემიერ-მინისტრის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, მხოლოდ ეკონომიკის მინისტრთან აქვს პირდაპირი შეხება, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო:
„არცერთ მინისტრს, გარდა ეკონომიკის მინისტრისა, უფრო ხშირად მიწევს შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან ერთი მიზეზით მხოლოდ – ყველაზე მეტს ვცდილობ ეკონომიკას დავეხმარო და ეკონომიკა ვიცი. სხვა მინისტრებთან არანაირი შეხება არა მაქვს“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა თავად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება:
„შეიძლება მე ვაძლევდი რჩევას, რომელიც გაითვალისწინეს, მაგრამ შეეძლოთ, არ გაეთვალისწინებათ. ფიქრობთ, მე ძალით გადავაყენე ღარიბაშვილი?! მას ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან, რაც ნორმალურია. რა მექანიზმებით შეიძლებოდა, რომ მეიძულებინა იგი? ასე თუ წავიდა, იქნებ მეც ვინმემ მაიძულა? მეც ხომ წავედი, ვინ მაიძულა წასვლა? მან შეაფასა სიტუაცია, ადრეულ პერიოდებშიც ჰქონდა შეკითხვები ჩემთან – ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდეო. ეს საუბრები გვქონდა და ნორმალურია, ვინაიდან უფროს მეგობრად მთვლიდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის ერთ -ერთ ფაქტორად მის პირად მაგალითს ასახელებს:
„ეს მე დავაფუძნე და ჩემი გუნდის წევრები ამ თამასას პატივს სცემენ. ღარიბაშვილს ეს კითხვა პირველად არ დაუსვამს, როდესაც გადადგა. მუდმივად, წელიწადი ან 6 თვე არ გავიდოდა, შევხვდებოდით, შემეკითხებოდა – ბატონო ბიძინა, ხომ არ არის ჩემი წასვლის დრო? მე ჩემს აზრს გამოვთქვამდი. ერთდროულად ვაფასებდით. ღარიბაშვილმა გადაამოწმა კიდევ ერთხელ, გადავაფასეთ კიდევ ერთხელ და მე ვთქვი, რომ იქნებ ცუდი არ იყოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.