aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იუსტიციის საბჭო ნათია გუჯაბიძის მიერ თანხების გაფლანგვას უარყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდებებს ეხმაურება. განცხადებაში საბჭო აცხადებს, რომ “მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება”.

“მეტრონომი” იუსტიციის საბჭო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“იუსტიციის საბჭო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ეხმაურება ბოლო პერიოდში სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებსა და უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმარტავს, რომ ბრალდება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნავს, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამართლეების საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხარჯებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში პირად საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს.

საბჭო განმარტავს, რომ მთელი სამოსამართლო კარიერის მანძილზე ნათია გუჯაბიძის მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური სახდელი ან ზემოქმედების ღონისძიება (სარეკომენდაციო ბარათის ჩათვლით) რაიმე დისციპლინური გადაცდომისათვის. ასევე, საბჭოს არასდროს მიუმართავს პროკურატურის ორგანოებისათვის მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების წინადადებით.

ზემოაღნიშნულ განცხადებებს საბჭო აფასებს, როგორც მოსამართლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდების წაყენებას, რაც მოსამართლის დემორალიზაციას, და ამ გზით, სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკიდურესად შეშფოთებულია და დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსის და მოსამართლის მიმართ ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლე დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ამასთან ერთად, აკრძალულია ნებისმიერი ფორმით, პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ სასამართლოსა და ინიდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, შეწყვიტონ სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობა და არ გაავრცელონ ისეთი განცხადებები, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან სასამართლოსა და მოსამართლის ავტორიტეტის ხელყოფისაკენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს ნორმალურ  და მშვიდ გარემოში მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეფასებებისა და უსაფუძვლო კრიტიკისგან. აუცილებელია მოსამართლეებს მიეცეს პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის საშუალება, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევა, რაც აუცილებელია ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად”.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2″გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული. როგორც გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამის გამო, პროკურატურის მხრიდან, გუჯაბიძეზე ზეწოლა მიმდინარეობს.

იტვირთბა....