“რესპუბლიკური პარტიის” წევრი ივლიანე ხაინდრავა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრისას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობისთვის შეუფერებელ მემკვიდრეს უწოდებს.
რატომ – ახალი? ხელისუფლების პერსონიფიკაციის მაღალი ხარისხი, განა, ახალია ჩვენთვის? განა ქართულ პოლიტიკაში ინსტიტუციური ურთიერთობები უკვე დომინირებს პერსონალურზე? არაფორმალური მმართველობა სხვადასხვანაირად იჩენდა თავს შევარდნაძის, სააკაშვილისა თუ ივანიშვილის „შესრულებით“, მაგრამ ჩვენი ცხოვრების თანმხლები ფაქტორი იყო მუდამ. სხვა საქმეა, რომ დღევანდელ ეტაპზე ამან, სწორედაც რომ, ყველაზე უფრო არაფორმალური სახე შეიძინა, როცა ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს სახელისუფლებო სტრუქტურებიდან გასული პირის ჭარბი ავტორიტეტი. ამის ღიად თქმის უფლება მაქვს იმიტომ, რომ წინააღმდეგი ვიყავი (ჩემს თანაპარტიელ რესპუბლწიკელებთან ერთად) მისი არაფორმალურ სივრცეში დროზე ადრე გადანაცვლებისა და მან ეს იცის. წინააღმდეგი ვიყავი არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან თანამდებობის შეუსაბამო მემკვიდრე დატოვა მთელი ორი წლით, არამედ იმიტომაც, რომ სწორედ ამ ორი წლის შედეგად საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, არც თუ უსაფუძვლო გახდა, რაც აკნინებს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გამჭვირვალე მმართველობის დემოკრატიულ პრინციპს. მეორე მხრივ კი ეს ვითარება გამოძახილია იმ მდგომარეობისა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ – ჩამოუყალიბებელი ელიტა, არამდგრადი პარტიულ-პოლიტიკური სპექტრი, ბევრი შემთხვევითი ადამიანი ხელისუფლებაში, ვინც თავად ესწრაფის სხვისი ავტორიტეტის გავლენის ქვეშ მოქცევას. დაუმატეთ ამას „მესიის მოთხოვნილება“ მოსახლეობაში და მივიღებთ არსებული მდგომარეობის ახსნას. მივიჩნიოთ, რომ ეს ყოველივე დაღვინების თანმხლები პროცესია და თუკი პირველივე „ოთხწლედის“ (არჩევნებს შორის პერიოდს ვგულისხმობ) შემდეგ პრობლემა მოგვარდა, ე.ი. საქმეც არცთუ ურიგოდ გვქონია”. – აცხადებს ხაინდრავა ჟურნალ “ლიბერალთან” საუბარში.
საზოგადოების პოლიტიკურ კულტურაზე საუბრისას ხაინდრავა ამბობს, რომ მართალია ნელი, მაგრამ ამ კუთხით ზრდა ნამდვილად არსებობს.
“იზრდება. არა იმ ტემპით, რომელსაც ვისურვებდი, მაგრამ იზრდება. ასეთ მაგალითს მოგიყვანთ. ვთქვათ, ათი წლის წინანდელ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, როცა რესპონდენტს უნდა აერჩია რაღაცის მიმართ დამოკიდებულების ყველაზე უკეთ ამსახველი ერთ-ერთი პასუხი – „სრულიად ვეთანხმები“, „უფრო ვეთანხმები, ვიდრე არა“, „უფრო არ ვეთანხმები“, „სრულიად არ ვეთანხმები“, დიდი უმრავლესობა ირჩევდა პირველ ან მეოთხე (კატეგორიულ) ვარიანტს. დღეს უფრო ხშირია მეორე ან მესამე ვარიანტის პასუხები, ანუ სიყვარულ-სიძულვილის ემოციური მდგომარეობიდან მოქალაქე გადავიდა უფრო მოზომილი, დაფიქრებული, თუ გნებავთ – ეჭვნარევი არჩევანის რეჟიმში. და ეს კარგია, რადგან ცხოვრება ჩვენგან „კი“-„არა“ ტიპის მარტივ პასუხებს კი არა, უფრო რთულ – „კი, მაგრამ“ და „არა, თუმცა“ შინაარსის პასუხებს მოითხოვს. მით უფრო – ისეთ რთულ სფეროში, როგორიცაა პოლიტიკა. მომავლის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მიმაჩნია, ორი ფუნდამენტური ღირებულების სინქრონულ დაცვა, გაძლიერება – თავისუფლებისა და უსაფრთხოების. ანუ, თავისუფლებას უსაფრთხოება არ უნდა გადავაყოლოთ, ხოლო უსაფრთხოებას – თავისუფლება. აბა, სხვა რაა დამოუკიდებლობა, თუ არა უსაფრთხოებით უზრუნველყოფილი თავისუფლება? ” – ამბობს ხაინდრავა.

