ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რუსთავის მერს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ: არის თუ არა ნეპოტიზმი რუსთავის მუნიციპალიტეტში

 

რუსთავის მერს “ნაციონალური მოძრაობა” ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ქალაქის მუნიციპალიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა ჩიქოვანის, ინფორმაციით, რუსთავში მაღალ თანამდებობაზე დასაქმება ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს “ბურჯის” ტექნიკური დირექტორის თენგიზ ჯიქიასთან ნათესაობისა და მეგობრობის ნიშნით ხდება.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ სწორედ აღნიშნული შპს-ს დირექტორის შვილია რუსთავის მერი დავით ჯიქია. თენგიზ ჯიქიას ქალიშვილი სოფო ჯიქია კი ხელმძღვანელობს მაჟორიტარის ბიუროს, მისი მეუღლე საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა.

ნაციონალური მოძრობის ინფორმაციით, მერის მოადგილის თანამდებობას ასევე შპს „ბურჯის“ დირექტორის ახლო მეგობარი იკავებს.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ რუსთავის მერიაში თანამდებობებს ძირითადად სწორედ სოფო ჯიქიას და ასევე დავით ჯიქიას მეგობრები იკავებენ.

„მეტრონომთან“ საუბარში რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამუნა აქუბარდია ჩიქოვანს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თავად ჩიქოვანი რუსთავის მერიაში ნეპოტიზმის წყალობით მოხვდა.

„განცხადება, რომელიც ბატონმა მამუკა ჩიქოვანმა გააკეთა მთლიანად არის დაყრდნობილი სიცრუეზე და აფსურდულია. რუსთავის მერიაში მერის არცერთი ნათესავი არ მუშაობს. ეს მორიგი ტყუილია და ამით ჩიქოვანი ცდილობს თავისი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყოს. არგუმენტები არ აქვს და რაღაც სისულელეების გამოგონებითაა დაკავებული. რაც შეეხება სოფო ჯიქიას, მისი მეუღლე მამუკა მიქაუტაძე რუსთავის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატია. ის რუსთავის საკრებულოს დეპუტატი 2014 წლის არჩევნებზე გახდა. მამუკა მიქაუტაძე სოფო ჯიქიაზე არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ დაქორწინდა. არავითარი კლანი რუსთავის მერიაში არ არსებობს და ყველა თანამშრომელი კონკურსის სახითაა მიღებული. დავით ჯიქიას თავის მეგობრები რუსთავის მერიაში არ მიუყვანია. ადამიანები წლების განმავლობაში როცა ერთად  მუშაობენ შესაძლოა დამეგობრდნენ კიდეც. მერის ერთადერთი მეგობარი, რომელიც ჩვენთან მუშაობს მისი კლასელი დავი ასანიძეა და ის დავით ჯიქიას მძღოლია“. – აცხადებს აქუბარდია.

აქუბარდია იმ პერიოდსაც იხსენებს, როდესაც ჩიქოვანი რუსთავის მერიის პრესსამსახურში მუშაობდა.

„პრესკონფერენციაზე ჩიქოვანმა მეც მახსენა. რუსთავის მერიაში 2 000 წლიდან ვმუშაობ და დავხვდი ბატონ მამუკა ჩიქოვანს , როდესაც ის პრესსამსახურის უფორსად დანიშნეს. ჩიქოვანს ამ თანამდებობაზე არანაირი გამოცდილება არ ჰქონია და მისი დაწინაურება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ის გიორგი ხელიაშვილის ცოლისძმა იყო. ჩიქოვანმა კომპიუტერის ჩართვაც არ იცოდა“.

აქუბარდიას თქმით, ხელიაშვილს სააკაშვილის დროს დიდი გავლენა ჰქონდა და ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....