კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები ბრალს არ აღიარებენ – ამ ინფორმაციას მათი უფლებადამცველი ზურაბ ბელთაძე ავრცელებს, რომელიც შსს-ში, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის წარდგენას ესწრებოდა:
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე მაქვს კონკრეტულად საუბარი, გეგეშიძესა და ტყეშელაშვილზე. დაბარებული ჰყავდათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მოხდა ბრალდებების წაყენება. გეგეშიძეს ბრალად წაუყენეს 239-ე მუხლის მესამე ნაწილი, ეს გახლავთ 4-დან 7 წლამდე – ხულიგნობა, ხოლო ტყეშელაშვილს ბრალად წაუყენეს ასევე ხულიგნობა ჯგუფურად, მეორე ნაწილი, რომელიც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალების წაყენების შემდგომ მოხდა უკვე ბრალდებულის სტატუსით ამ პირთა გამოკითხვა, ამ ადამიანებმა ისაუბრეს და აღიარეს ცემის ფაქტი. მოხდა ბრალის წაყენება სხვა პირებზეც, ამ ადამიანებმაც ცემის ფაქტზე ისაუბრეს და ცემის ფაქტთან დაკავშირებით აღიარეს და დაადასტურეს“,-განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნების პარალელურად ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სხვა აქტივისტებთან ერთად სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანს, გიგა ბოკერიას, „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს: ნიკა მელიას, თენგიზ გუნავას, ლაშა დამენიას, აგრეთვე – ფრაქცია „ერთიანი ნაიცონალური მოძრაობის” წევრს აკაკი მინაშვილს.