ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ხათუნა ლაგაზიძე შევარდნაძის დროს უშიშროების საბჭოში მუშაობდა“

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსი, გენერალი სოსო ალავიძე „ფოსტალიონთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის პირველ ყრილობაზე თავად ბურჭულაძის დავალებით გადასცეს მოსაწვევი. სოსო ალავიძისთვის გაუგებარია, რატომ უარყო მოგვიანებით ეს ფაქტი ბურჭულაძემ და საკუთარ შეხედულებას გამოხატავს ახალი პარტიის მიმართ:

„მინდა გითხრათ, რომ  არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც პარტიის ყრილობებზე მქონია დასწრების დიდი სურვილი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი იქ მისვლა ინტერესმა განაპირობა. ამ პარტიაზე მრავალი მითქმა-მოთქმა იყო და მაინტერესებდა, მართალი იყო თუ არა გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალი სატელიტური პარტია ჩამოყალიბდა. მით უმეტეს, რომ იქ ჩემი რამდენიმე ისეთი ახლობელია, რომლებსაც ნაციონალებთან ვერანაირად ვერ მოვიაზრებ. რამდენიმე თვის განმავლობაში მთავაზობდნენ, მივსულიყავი და მათთან ერთად ვყოფილიყავი. ყრილობის წინა დღეს სპორტის სასახლეში ფეხბურთის ტურნირზე ვიმყოფებოდი, გვიან ღამით დამთავრდა და როცა ჩამოვდიოდი, დავინახე ჩემი მეგობარი, გავჩერდი მასთან და მოვიკითხე. ამასობაში გამოჩნდა პაატა ბურჭულაძე, რომელსაც წლებია ვიცნობ. დიდი სიხარულით მომესალმა და მითხრა, ყველა შენი მეგობარი აქ არის და შენ რას აპირებ, მოდი და იყავი მათ გვერდითო. შემდეგ მოიკითხა, მომცეს თუ არა მოსაწვევი. აღმოჩნდა, რომ მოსაწვევი და ადგილი A ლოჟაში ჩემთვის უკვე გამზადებული ჰქონდათ და იქვე გადმომცეს.

შემდეგ რა მოხდა?

-ყრილობაზე თითქმის ყველა სააგენტო მოვიდა ინტერვიუსთვის. ჯერ გამოსული არ ვიყავი, რომ უკვე გავრცელებული იყო ინფორმაცია და ჩემი ფოტოები. GDS-ის ჟურნალისტი პაატას ეკითხებოდა, რატომ ვიყავი მე მიწვეული, რაზეც მან პასუხი გასცა, მე რატომ უნდა მომეწვია, დასწრება ყველას შეეძლოო. ამან ძალიან გამაღიზიანა. ისე გამოვიდა, თითქოს ჩემი ინიციატივით მივედი. საღამოს 8 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში კი ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვები აბსოლუტურად სხვადასხვაა, ალავიძეს ჩვენთან არანაირი საერთო არ აქვს და ვერც ექნებაო.

და რა იცის ლაგაზიძემ თქვენი პოლიტიკური ხედვების შესახებ?

-რა გითხრათ, მე  პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ და არც ჩემი პროგრამა მქონია. ლაგაზიძე შევარდნაძის დროს უშიშროების საბჭოში მუშაობდა და ეტყობა მაშინ ჰქონდა ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური ხედვა.“

შეგახსენებთ, რომ სოსო ალავიძე შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი პოლიციის ყოფილი უფროსია. მისი გამოჩენა ბურჭულაძის პარტიის პირველ ყრილობაზე საზოგადოების ნაწილმა  უარყოფით კონტექსტში გააშუქა. ბურჭულაძემ მედიის კითხვაზე, თავად მიიწვია თუ არა ალავიძე ყრილობაზე, უპასუხა, რომ არა, დასწრება თავისუფალი იყო და ალავიძე საკუთარი სურვილით მივიდა.

 

postalioni.com

იტვირთბა....