ახალი ამბები მთავარი სამართალი

6000 საჩივარი: შესაძლებელია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ბრალი დაუმძიმდეთ

გაზეთი „ვერსიის“ მიხედვით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2 ივნისს, დაახლოებით 2-წლიანი მუშაობის შედეგად 83-გვერდიან დოკუმენტს გაასაჯაროებს, ხოლო პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრებიც დაესწრებიან. მართალია ტექსტი, რომლის მიმართ ,,ოცნებას” დიდი მოლოდინი აქვს, ხუთშაბათამდე მკაცრად გასაიდუმლოებულია, მაგრამ ,,ვერსია” ექსკლუზიურ ამონარიდებს მაინც გთავაზობთ 2004-2012 წლებში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნიდან.

დოკუმენტში დეტალურადაა ასახული წინა ხელისუფლების პერიოდში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

ამ სამუშაოს ფარგლებში კომიტეტმა მოქალაქეების 6000-ზე მეტი საჩივარი შეისწავლა. საბოლოო დასკვნაში გამოყენებულია ,,ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევა, სადაც 1200 ყოფილი და ამჟამინდელი პატიმარია გამოკითხული. კვლევა 2003-2012 წლებში ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა. დასკვნის მომზადებაში პარლამენტი, სახალხო დამცველის ოფისი, გაერო-ს უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისი, პროკურატურა და მოწვეული სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მისთვის საბოლოო სახის მიცემას კი 2 წელი დასჭირდა, რადგან სამუშაო ჯგუფი მიმდინარე სასამართლო პროცესების დასრულებას ელოდა, სასამართლოს მიერ დადგენილი უტყუარი ფაქტებისა და გამამტყუნებელი განაჩენების გამოსაყენებლად.

დასკვნაში კონკრეტული საქმეების შესახებაა მოთხრობილი და დიდი ალბათობით, ამ დოკუმენტში 7 ნოემბრის, 6 მაისის, 26 მაისის, 15 ივნისისა და სხვა დარბევების, ასევე ე.წ. ფოტოგრაფების, ყინწვისის, გახმაურებული მკვლელობების _ გვირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძისა და სხვათა საქმეები მოხვდება.

რაც ამ დროისთვის ზუსტადაა ცნობილი, ის საკანონმდებლო ცვლილებებია, რომელიც კომიტეტმა მოამზადა. უკვე ინიცირებულია ,,სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა უქმდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტიდან დაწყებული, ყველა მაღალჩინოსნით დასრულებული, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფება, წაყენებული მუხლებით მაინც გასამართლდება, ქვეყანაში რამდენი წლის მერეც უნდა დაბრუნდეს. ასევე, ცვლილება შეეხება წამების, ძალადობისა და ცემის მუხლებს, რომელთა გაერთიანება-ერთმუხლად ჩამოყალიბება იგეგმება. ასე რომ, სულაც არაა გამორიცხული, 2 ივნისს ჩანიშნული პრეზენტაციის შემდეგ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ბრალი დაუმძიმდეთ, ან სულაც, ახალი ბრალი წარედგინოთ 6 000 საჩივრისა და 1 200 პატიმრის ჩვენების საფუძველზე.

გაზეთი „ვერსია“

იტვირთბა....