ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ომბუდსმენი ბავშვთა მიმართ ერთ-ერთ პრობლემად სექსუალური ძალადობას ასახელებს

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა, რომ მთავარ პრობლემად კვლავ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა რჩება.

ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის წინადადება, რომ გამკაცრებულიყო კანონმდებლობა და უკეთ ყოფილიყო დაცული ბავშვები ძალადობისგან, ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის:

„ჩვენი მოთხოვნა არის ბავშვთა ძალადობის კუთხით უფრო მეტად გამოიკვეთოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რადგან ასეთი არაერთი ფაქტი ხდება და რეაგირება ბევრ შემთხვევაში ადეკვატური არ არის. ცალკე პრობლემაა, რომ ზოგადად არ არსებობს ნორმალური კოორდინაცია ბავშვთა ძალადობის საკითხებზე. ცალკე პრობლემა ეხება ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს, მათ მიმართაც რეალურად არ ტარდება ღონისძიებები, კონკრეტული ღონისძიებები და კონკრეტული პროგრამები იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი ბავშვთა მიმართ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასევე სექსუალური ძალადობის პრობლემებს ასახელებს. ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველმა უკვე გასცა არაერთი რეკომენდაცია, თუმცა რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული არ არის.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ პრობლემაა მაღალმთიან რეგიონებში განათლებასთან დაკავშირებით.

 

იტვირთბა....