ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ექსკლუზიური ინტერვიუ: რა დაჯგუფებაა „ბერგმანი“ და უკავშირდება თუ არა ის ვეგან კაფეს დარბევას?

 

ვეგანური კაფის დარბევამ, სადაც ხულიგნური დაჯგუფების , „ბერგმანის“ სახელმა გაიჟღერა, მათ მიმართ ინტერესი გააჩინა. მომხდარი BBC-მ და „გარდიანმაც“ კი გააშუქა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კაფე სავარაუდოდ ნეონაცისტურმა ჯგუფმა დაარბია. „ბერგმანს“ ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებენ.

რას წარმოადგენს „ბერგმანი“ და ვინ არიან მისი წევრები? როგორც „ფეისბუქზე“, ერთ-ერთ გვერდზე ვკითხულობთ, „ბერგმანი“ ხულიგნური ჯგუფია. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

52037_n

“დინამო” თბილისის ხულიგნური ფირმა ბერგმანი –

საქართველოში ბერგმანი პირველი და საყოველთაოდ ცნობილი ხულიგნური ფირმაა. ისინი პირველად დინამოსა და გაბალას მატჩზე გამოჩნდნენ და საკმაოდ ხმაურიანადაც. აზერბაიჯანელები თითქმის ხელცარიელები გაუშვეს უკან, წაართვეს ბევრი ბანერი, კაშნი, დროშა. მატჩის 83 წუთზე პიროს გამოყენებით დიდი დროშაც დაუწვეს. მოიპოვეს რუხი მგლების დროშა. სერიოზული დაზიანებები მიაყენეს საკმაო რაოდენობით აზერბაიჯანელს. ასევე თამაშზე გადმოკიდეს თავიანთი ბანერი რომელიც “ნაცისტურ” სიმბოლოებს შეიცავდა. ყოველივე ამის გამო დინამოს ხელმძღვანელობას უეფამ ჯარიმა დაუწერა და ერთი სექტორი ევრო თასებზე დახურულად გამოაცხადა. ბერგმანელები გადარჩნენ დაჭერას. მათ არც მეტი არც ნაკლები ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის “გადაკიდება” ბრალდებოდათ. თბილისში გამართულ სუპერ თასზე ბერგმანელები აქტიურად მოძრაობდნენ ქალაქში. სევილიას ფანებს “ბირის ნორტეს” წაართვეს კაშნეები და ბანერი თუმცა ისინი პოლიციამ დაიჭირა და ტრიაპკა თავის ყოფილ პატრონს დაუბრუნა. მიუხედავად ამისა, მათ რამდენიმე შარფი მაინც დარჩათ. ამის შემდეგ ისინი აქტიურად ერთვებიან “მემარჯვენე” საქმიანობაში. ზაფხულში რამდენიმე შოკოლადის კაცთან მოუწიათ დაპირისპირება, ამის ამსახველი ვიდეო კადრები ინტერნეტ სივრცეში გამოაქვეყნეს, რაზეც სერიოზულად აღიძრა საქმე და მათ 4დან 7წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. ეს ამბავი აქტუალური გახდა როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად დაინტერესება გამოიწვია ევროპაში ფან-თემაში ერთ-ერთ ძლიერ ქვეყნებში პოლონეთსა და უკრაინაში. უკრაინელი ფანები აქტიურად უჭერდნენ მხარს ბერგმანელებს და მათი მხარდასაჭერი ბანერები გადმოფინეს, ხოლო პოლონელები უწონებდნენ მათ ნამოქმედარს და წერდნენ, რომ პოლონეთში ამას ვერც კი გაბედავდნენ. როგორც ვიცი დაინტერესება ცსკა მოსკოვის “ძველი სკოლიდანაც” იყო რომლებიც ღიად საუბრობდნენ ბერგმანის შესახებ, ალბათ ხვდებით უკვე რა დონეზეა საუბარი.(დილა-პარტიზანის მატჩამდე) ბერგმანი დაინტერესებულია ტყეში ჩხუბით და აწვება წმინდა სპორტულ-ხულიგნურ თემას, ზაფხულში გორელებს და ქუთაისლებს ტყეში ჩხუბიც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. ამ ეტაპზე ისინი ემზადებიან “დინამო” მინსკთან სპარინგისთვის, სადაც წარმატებები მინდა უსურვო. შემდეგ იყო დაპირისპირება “მწვანე ბიჭებთან” კალათბურთზე თბილისში, სადაც ორმა ბერგმანელმა 7-8 კაცი სცემეს. ლოკომოტივი-სამტრედია რომელიც დინამო არენაზე გაიმართა, ამ მატჩზე ბერგმანელებმა სამტრედიელებს ბანერი წაართვეს. ცხინვალი-დილა ბერგმანელებმა გორელ ფანს კაშნი წაართვეს. ჯერ 1წელიც არ არის გასული და უკვე როგორც ჩანს ძალიან აქტიურები არიან საფეხბურთო ხულიგნები, მათი რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა როგორც ვიცი ახლა 20-დან-30კაცამდე არიან ფირმასთან ვისაც აქვს ურთიერთობა, ხოლო მათ ვარჯიშებზე გაცილებით დიდი რაოდენობა იღებს მონაწილეობას. ფირმაში არიან სხვადასხვა სტილის მოჩხუბრები. ამ გვერდის ადმინი ვალდებული ვიყავი საქართველოში პირველ ხულიგნურ ფირმაზე ცალკე პოსტი მიმეძღვნა და უკეთ გამეცნო თქვენთვის. ფაქტი ერთია ამ ბიჭებმა შეძლეს ის, რომ ვინც ხულიგნებს და საფეხბურთო ხულიგნებს ერთმანეთში ვერ არჩევდა “მოუწიათ” გარჩევა.“ – წერია სოციალური ქსელის ერთ-ერთ გვერდზე.

„მეტრონომი“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  შეეცადა ამ გვერდის ადმინის მხრიდან მიეღო დამატებითი ინფორმაცია „ბერგმანის“ შესახებ. მან სახელის და გვარის გამოაშკარავებაზე უარი გვითხრა, თუმცა „ბერგმანის“ შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდა:

 „მეტრონომი“: ვეგანურ კაფეში მომხდარი თავდასხმა მათ უკავშირდება?

-რაც შეეხება ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტს, ჯერ არავის დაუდგენია, რომ ეს „ბერგმანმა“ გააკეთა.

„მეტრონომი“: რატომ დაირქვეს „ბერგმანი“?

-„ბერგმანი“ დაირქვეს იმიტომ, რომ კავკასიური ქვედანაყოფი იყო ამ სახელწოდებით, ფაშისტების მხარეს იბრძოდა. ქართველები იყვნენ ძირითადად.

„მეტრონომი“: აქვს დაჯგუფებას პოლიტიკური შინაარსი? რუსეთის მოწინააღმდეგეები არიან?

-რუსეთის 1000% მოწინააღმდეგეები.

„მეტრონომი“: შესაძლებელია მათ რომელიმე წევრთან ინტერვიუს ჩაწერა?

-თქვენი აზრით, კანონგარეშე ჯგუფი გიპასუხებთ მსგავს კითხვებზე, თუ რისთვის შეიქმნენ და რა მიზნები აქვთ? რა თქმა უნდა, არა.

„მეტრონომი“: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვეგანური კაფე მოძრაობა „ქართულმა ძალამ“ დაარბია და არა -„ბერგმანმა“. უკავშირდება ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს?

-„ქართული ძალა“ „ბერგმანი“ არ არის. „ქართული ძალა“ არის ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელიც ძალადობას ეწინააღდეგება. ვიცნობ „ქართული ძალის“ წევრებს და აქედან გამომდინარე ვფიქრობ ისინი არ დაარბევდნენ, თუმცა ვერც იმას დავადასტურებ, რომ კაფე „ბერგმანმა“ დაარბია. არ ვიცი და იმიტომ.

„მეტრონომი“ : რა არის „ბერგმანის“ მიზნები?

-მიზანს რაც შეეხება, ერთ-ერთ უცხოურ დაჯგუფებასთან აქვთ დაგეგმილი ჩხუბი. სპორტული პრინციპების დაცვით. ძირითადად სპორტსმენებით, სხვადასხვა სტილის მოჩხუბრებით არიან დაკომპლექტებული…

„მეტრონომი“: თუმცა, ვეგანური კაფის დარბევა უფრო ხმამაღალი განაცხადია, ვიდრე რომელიმე სპორტსმენთან დაგეგმილი  ჩხუბი… „ბერგმანის“ ლიდერის სახელი და გვარი მედიით გავრცელდა, გიორგი ბაქრაძე ახსენეს, კაფის ერთერთმა თანამშრომელმაც დაასახელა. მის შესახებ შეიძლება ვისაუბროთ?

-ვეგანური კაფე ჯერ მაგათმა დაარბიეს თუ არა გასარკვევია. მაგას გამოძიება დაადგენს. პირველად მესმის ეს სახელი და გვარი და როგორ უნდა ვისაუბრო მასზე?..

 

 

როგორც რესპონდენტმა გვითხრა, „ბერგმანის“ წევრები ინტერვიუზე, ნებისმიერი ფორმატით, უარს ამბობენ.

შეგახსენებთ, რომ ვეგანურ  კაფე „კივიში“ კვირა საღამოს, დაახლოებით 8-9 საათზე, თანამშრომლების თქმით, რამდენიმე „ფაშისტი, ნაცისტი“ ადამიანი იქ მყოფთ თავს დაესხა. როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელი გოგონა ყვება, თავდამსხმელთა  შორის  ვისი ამოცნობაც მოახერხეს – რასისტული დაჯგუფება „ბერგმანის“ წევრები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი ლიდერი გიორგი ბაქრაძე, იგივე „ბერგმანიც“ ახლდათ. გოგონამ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ამის მიზეზი„ნაცისტების“ მუქარაა.

თბილისში ერთადერთ ვეგანურ კაფეზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან  180 საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

მანა ნოდია

 

 

 

 

 

იტვირთბა....