გამოცემა Wall Street Journal ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ 21 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკს დაურეკა და უკრაინის მიერ Starlink-ის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა სთხოვა.
WSJ-ის მიხედვით, ტრამპმა მასკს უთხრა, რომ უკმაყოფილო იყო საათში დაახლოებით 160 კილომეტრის ზღვრის შენარჩუნებით. შეზღუდვა მოწყობილობების გადაადგილების სიჩქარეს ეხებოდა – ამ ზღვრის გადაჭარბებისას ისინი სატელიტურ ქსელთან კავშირს კარგავდნენ, რაც მოიერიშე და გზაგადამჭერი უკრაინული დრონების მუშაობას აფერხებდა.
ამერიკული და უკრაინული წყაროების თქმით, აღნიშნული სატელეფონო ზარის შემდეგ, 22 ოქტომბერს, Starlink-ის მუშაობა გაუმჯობესდა. ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი აღნიშნავდა, რომ სისტემა სრულად ჯერ არ აღდგენილა, თუმცა, კავშირის შენარჩუნება უკვე დაწესებულ ზღვარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისასაც ხერხდებოდა.
მანამდე, 22 ოქტომბერს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე სიჩქარის შეზღუდვა ჯერ არ მოხსნილა, მაგრამ მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ამ საკითხზე საუბარს შეძლებდა.
რუბიომ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უშუალოდ SpaceX და ილონ მასკი იღებენ და არა – თეთრი სახლი.
ცნობისთვის, უკრაინა Starlink-ს ბრძოლის ველზე კავშირგაბმულობისა და დრონების მართვისთვის იყენებს. ბოლო პერიოდში შემოღებული შეზღუდვები კი როგორც რუსულ სამიზნეებზე თავდასხმებს, ისე რუსეთის საჰაერო იერიშების მოგერიებას უშლიდა ხელს.

