ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„ის ამ საქმისთვის მოკლეს“: რა კავშირი აქვს კიწმარიშვილს „რუსთავი 2“-ის დღევანდელ პროცესთან

„რუსთავი 2-ის“ ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაიხსენა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი, რაზეც მოსამართლემ მას კითხვით მიმართა, თუ რა შუაში იყო კიწმარიშვილი აღნიშნულ დავასთან.

ზაზა ბიბილაშვილმა კი უპასუხა, რომ მისი ღრმა რწმენით, კიწმარიშვილი სწორედ ამ საქმის გულისთვის მოკლეს, სხვანაირად, დღეს სასამართლოში ეს სარჩელი ვერ იქნებოდა.

„იმ კონტექსტშია, რომ მე მინდა თქვენ კარგად გააცნობიეროთ, პატივცემულო სასამართლოვ, რომ ამ საქმის გულისთვის(ეს არის ჩემი ღრმა რწმენა) მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი. სხვანაირად ეს სარჩელი დღეს სასამართლოში ვერ იქნებოდა. ან თუ იქნებოდა, ის იქნებოდა აქ და იტყოდა ისეთ რაღაცებს, რომ შეუძლებელს გახდიდა თუნდაც იმ მასკარადს, რომელიც ჩვენ პირველ ინსტაციაში ვიხილეთ. ძალიან გთხოვთ, გააცნობიეროთ, რომ ამ საქმის სისხლი აქვს თავიდან ბოლომდე ამ საქმეს. თქვენ მეუბნებით, რომ ვიყო სამართალთან ძალიან ახლოს. ესეც სამართლია, ოღონდ სისხლის სამართალი და აქვს ძალიან ხანგრძლივი ხანდაზმულობის ვადები იმ დანაშაულს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ“ – განაცხადა პროცესზე ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ეროსი კიწმარიშვილის  განცხადებას, სადაც მან განაცხადა, რომ მის გარეშე „რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესი ვერ დამთავრდებოდა.

„ერთი სიტყვით, თუ დვალი და აქიმიძე მართლები არიან, მაშინ მეც მართალი ვარ და, თუ ქიბარია მართალი, მაშინაც მეც მაქვს მოთხოვნის უფლება, მაგრამ ბუნებაში შეუთავსებელია ის, რომ აქიმიძე–დვალიც და ქიბარიც მართლები იყვნენ. დიდი ინტერესით ველოდები, როგორ აპირებენ ამ ორი თემის ერთმანეთში შერწყმას, რადგან ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში მე “ცოცხალი” ვრჩები. უჩემოდ სასამართლო ვერ დაამთავრებს ამ თემას”- განაცხადა მაშინ ეროსი კიწმარიშვილმა.

იტვირთბა....