სიღნაღის თეატრის 6 თანამშრომელი ლივერპულის საერთაშორისო ფესტივალზე გასტროლების შემდეგ სამუშაოდ კანადაში დარჩა.
“ფესტივალზე წარმატებით გამოვიდნენ და სამი პრიზიც აიღეს, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 6 თანამშრომელმა, რომელთა შორის არიან სამი მსახიობი, მხატვარი, რადისტი და მომღერალი, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კანადაში სამუშაოდ დარჩა”, – აცხადებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი.
მისი განცხადებით, სიღნაღის თეატრი, რომელსაც 16-23 მაისს ფესტივალში მონაწილეობის მიღება სურდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, საკონსულო მომსახურებასა და სამივლინებო ხარჯებისთვის 11 ათას ლარამდე გადაერიცხა.
,,ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ამან ჩვენი დასის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა. სპექტაკლზე დასასწრებად კანადაში მცხოვრები ქართველები მოვიდნენ და დასის წევრები სავარაუდოდ მათ გადაიბირეს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ვიზები ჩვენ 15 ნოემბრადე გვაქვს და მათ აქვთ უფლება, ეს დრო, სადაც უნდათ, იქ გაატარონ”, – აცხადებს სიღნაღის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მურად ვაშაკიძე.
მისი განმარტებით, დასს ვიზები ნოემბრის ჩათვლით აქვს და ამიტომ, თეატრის თანამშრომლებს, რომლებიც კანადაში დარჩნენ, სავიზო რეჟიმი არ დაურღვევიათ.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, დასი მუშაობას არ შეწყვეტს და ახალი კადრებით დაკომპლექტდება.
სიღნაღის თეატრს სპექტაკლისთვის ,,მოხეტიალე დასი“ ლივერპულის სართაშორისო ფესტივალზე 3 პრიზი, მაყურებლის რჩეულ ნომინაციაში, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და საუკეთესო დადგმისთვის მიენიჭა.