საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტთან საუბრისას შეთანხმდნენ მოდელზე, რომელიც ვენეციის კომისიის მოთხოვნასთან თანხვედრაში იქნება:
”ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტთან. მასში ჩართული იყო პარლამენტის თავმჯდომარეც და დეპუტატებიც, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხზე მუშაობდნენ. ეს საუბარი წარმატებით დასრულდა. ჩვენ შევთანხმდით ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და ამავე დროს გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნებიც. ვფიქრობთ, ძალიან კარგი პრეცენდენტი შედგა ასეთი კონსტრუქციული დიალოგის.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს, აღარ იყოს საუბარი დაძლევაზე და ჩვენ ალბათ პირდაპირ მივიღებთ ამ შენიშვნებს. ვფიქრობ, ეს პრეცენდენტი იქნება ძალიან კარგი მაგალითი მომავალში ასეთი კონსტრუქციული დიალოგისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსნებეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.
პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტები პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დღეს გადაეგზავნება.