„მოქალაქეები ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა“.-აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის 2016 წლის 30 მაისს გამოქვეყნებულ ღია წერილში:
„ ადამიანები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაფიცვებსაც კი აწყობენ, რაც, დამეთანხმებით, ადრე წარმოუდგენელი იყო.
მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით – გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რითაც ქართველ მეწარმეებს ევროპის ხუთასმილიონიან ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. გაიხსნა საქრთველოში პირველი ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.
დღეს გაცილებით მყარი და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს პარტნიორ ქვეყანებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას იყო.
მოკლე დროში მოვახერხეთ და ავტორიტარული ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავიყვანეთ; შევქმენით საფუძველი, რომელსაც წარმატების მომტანი შემდგომი რეფორმები უნდა დაეფუძნოს.“