საქართველოს ყოფილი პრემიერ-მიისტრი ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ ღია წერილში მოქმედ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილზე საუბრობს. მისი თქმით, კვირიკაშვილი ევროპული სტილის ლიდერია.
“ჩემი ეს წერილიც და სატელევიზიო გამოსვლებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვგეგმავ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით და სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს.
ცხადია, გაჩნდება შეკითხვა – რატომ უნდა აღმოჩნდეს ვინმესთვის საინტერესო ჩემი ხედვა და რჩევა?! ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი – ყველა ადამიანს უყვარს თავისი სამშობლო და არც მე ვარ გამონაკლისი. შეძლებისდაგვარად მეც ვემსახურები ქვეყანას, ამასთანავე, ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი, რითაც წარმატებას მივაღწიე როგორც ბიზნესში, ასევე – ქვეყნის ტირანიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში და რაც, შეიძლება, მომავალშიც გამოადგეს ჩემს ქვეყანას”. – აღნიშნულია ღია წერილში.
ივანიშვილი სექტემბერში ახალი წერილის გამოქვეყნებას გეგმავს.